მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიებს 2019 წლის ფინანსური შედეგების გამოქვეყნების ვადა ეწურებათ

5f7480f9eb99a
შოთა ტყეშელაშვილი
30.09.20 17:00
1190
დღეს იწურება ვადა, რომელშიც ქვეყანაში არსებულმა საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა საკუთარი 2019 წლის ფინანსური შედეგები უნდა წარადგინოს. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის კომპანიებმა ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების პირებმა (სდპ) ანგარიშგებები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს უნდა წარუდგინონ. 

უფრო კონკრეტულად კი იმ კომპანიების ზომითი კატეგორიები, რომელთაც ანგარიშგებების წარდგენა ევალებათ ასეთია:

პირველი კატეგორიის საწარმო:

სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.

მეორე კატეგორიის საწარმო:

სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება.

მესამე კატეგორიის საწარმო

სუბიექტი, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1-10 მილიონი ლარი;
ბ) შემოსავალი 2-20 მილიონი ლარი;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-50 ადამიანი.

საზოგადოებრივი დაინტერესების პირი (სდპ)

იურიდიული პირი, რომელიც არის:

ა) ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) კომერციული ბანკი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად;
გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) მზღვეველი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ე) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ვ) საინვესტიციო ფონდი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ზ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
თ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე სამსახურის მიერ სდპ-ად განსაზღვრული პირი.

იმ შემთხვევაში თუ კომპანიები მათზე დაკისრებულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, მათზე თავდაპირველად ერთთვიანი გამაფრთხილებელი სანქცია იმოქმედებს, ერთი თვის გასვლის შემდგომ კი ანგარიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან. მაგალითად, მესამე კატეგორიის საწარმოსთვის ჯარიმა 1000 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები