“რუსეთის ბაზარი ძალიან პოლიტიზებული ბაზარია. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი არ სცემს პატივს საკუთარ გადაწყვეტილებებს და საკუთარ ხელმოწერებს”-ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვალერი ჩეჩელაშვილი ქართული სასმელების ნაწილზე ემბარგოს დაწესების საკითხზე კომენტირებისას აცხადებს.
მისი თქმით, რუსეთი პატივს არ სცემს საკუთარ გადაწყვეტილებებს. ჩეჩელაშვილს მაგალითად მოჰყავს 1994 წელს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სადაც გაწერილია პრობლემების მოგვარების ცივილიზებული მექანიზმები (კონსულტაციები, სამუშაო ჯგუფები), რასაც რუსული მხარე მორიგ ჯერზე სრულიად იგნორირებას უკეთებს.
“რუსული ბაზარი ეს არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი და ნებისმიერი კომპანია ცდილობს იქ დაიკავოს საკუთარი ადგილი. ეს ძალიან მიმზიდველი რამ არის, მაგრამ რუსეთის ბაზარია ძალიან პოლიტიზებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი არ სცემს პატივს საკუთარ გადაწყვეტილებებს და საკუთარ ხელმოწერებს.
ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში დღესაც არის მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელსაც ელცინის ვიზიტის დროს, 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა ხელი. იქ ძალიან კარგად არის გაწერილი, რაღაც გაურკვევლობის დროს ან რაღაც პრეტენზიების დროს როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა. უნდა შედგეს კონსულტაციები, სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდეს, უნდა იყოს გაცვლილი ინფორმაციები, პრეტენზიები და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება.
როგორც ჩვენ ვხედავთ, მორიგ ჯერზე რუსეთს ეს სრულებითაც არ აინტერესებს. ეს მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ ეს არის ძალიან პოლიტიზებული ბაზარი. მე ვფიქრობ, რომ, იგნორირება რუსეთის ბაზრის არ იქნება კარგი, იმიტომ რომ მან შეიძლება მოიტანოს ნებისმიერი ექსპორტიორისთვის სერიოზული მოგება, მაგრამ ჩემი რჩევა იქნებოდა ნებისმიერი ექსპორტიორისთვის, რომ საკუთარი ექსპორტის 1/3-ზე მეტი არ მიმართოს რუსეთის ბაზრისკენ, მოახდინოს ექსპორტის დივერსიფიცირება და ამ შემთხვევაში იქნება დაზღვეული ყოველგვარი რისკებისგან",-აცხადებს ჩეჩელაშვილი.
როსელხოზნადზორმა 7 ქართული კომპანიის სასმლის რუსულ ბაზარზე ექსპორტი რამდენიმე კვირის წინ გაურკვეველი ვადით აკრძალა. რუსული სახელმწიფო უწყების გადაწყვეტილება შეეხო რამდენიმე ალკოჰოლური სასმლის მწარმოებელს, ასევე საქართველოში წარმოებულ კოკა-კოლას და წყალ ნაბეღლავს. 2006 წლის ემბარგოს შემდეგ ეს უკვე რიგით მეორე ემბარგოა, რაც სპეციალისტების შეფასებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ ბაზარზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ რისკებს.
საქართველოდან ალკოჰოლური სასმლის, ტკბილი და მინერალური წყლების ექსპორტის თითქმის ნახევარი კი სწორედ რუსეთზე მოდის. 2026 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველომ ექსპორტზე 188.7 მილიონი აშშ დოლარის ღვინო გაიტანა, საიდანაც 119.7 მილიონი აშშ დოლარის ღვინო რუსეთში გაყიდა, რაც სრული ექსპორტის 63.4%-ია. ლიმონათის შემთხვევაში რუსეთზე ექსპორტის 42,4% მოდის, მინერალური წყლების შემთხვევაში კი რუსეთზე დამოკიდებულება 84,1%-ია. რაც შეეხება სპირტიან სასმელებს, საქართველო რუსეთში ჯამური ექსპორტის 49.4%-ს ყიდის.
ნაწილობრივი ემბარგოს შემდეგ რუსეთმა მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. "როსელხოზნადზორი" 2 ქართულ საწარმოს უფლებას აძლევს პროდუქცია რუსულ ბაზარზე გაყიდოს. როგორც რუსული ოფიციალური წყაროებიდან გახდა ცნობილი, მიმდინარე წლის ნოემბრიდან, ქართულ რძის გადამმუშავებელ 2 საწარმოს რუსეთის ბაზარზე წვდომა ექნება. გარდა ამისა, რუსეთი მზადაა შეამოწმოს თევზისა და ზღვის პროდუქტების 6 ქართული მწარმოებელი, რომელთაც რუსეთში პროდუქციის ექსპორტი სურთ.
























