"კომპანიების ნაწილში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის წოდება თავიანთ თანამშრომლებს შეუთავსეს", - ამის შესახებ შრომის უსაფრთხოების ასოციაცია OSHE-ს ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ნიჟარაძემ განაცხადა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, შეთავსებული სპეციალისტების დიდ ნაწილს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს.
"დაბალი და საშუალო რისკიან სექტორებში, მაგალითად, განათლების სექტორში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტზე მოთხოვნა დაბალია. მძიმე მრეწველობა, დამმუშავებელი მრეწველობა, სამშენებლო სექტორი სპეციალისტების დასაქირავებლად საკონსულტაციო კომპანიებს მიმართავენ. იმავეს ვერ ვიტყვი ჯანდაცვის, დაბალი და საშუალო რისკის სექტორებზე, სადაც სპეციალისტის წოდება მეტწილად თავიანთ თანამშრომლებს შეუთავსეს. ეს დარღვევა არ არის, თუმცა შრომის უსაფრთხოების კუთხით, ფაქტობრივად, უსაფრთხო გარემოს ვერ უზრუნველყოფს. პრობლემა, რომ შრომის უსაფრთხოება მაღალ დონეზე ვერ სრულდება, კომპლექსურია. ბიზნესისთვის პრიორიტეტი არ არის, ხშირი ინციდენტები არ არის. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან ინსპექცია ხშირი არ არის", - განაცხადა შოთა ნიჟარაძემ.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლა 2019 წლიდან სავალდებულოა. OSHE-ში აღნიშნავენ, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის აღების მსურველთა რაოდენობა შემცირებულია. როგორც შოთა ნიჟარაძემ აღნიშნა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი მთავარი გამოწვევაა.
" ბაზარზე სიტუაცია შეინიშნება, რომ კვალიფიციური, გამოცდილი კადრების დეფიციტია. სპეციალისტები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ, თუმცა აშკარაა, რომ ეს საკმარისი არ არის. გამოცდილების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების საჭიროება ნამდვილად დგას. სასწავლო დაწესებულებები და პროფესიული ორგანიზაციები ამაზე მუშაობენ, თუმცა აქტიური ქმედებები უნდა იყოს, რომ გადამზადების პროგრამები შეიქმნას", - აღნიშნა შოთა ნიჟარაძემ.