კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქი 220 ახალ ავტობუსს კომპანია “ჯი-თი გრუპისგან” შეიძენს.
კალაძემ 64,790,000-მილიონიანი ტენდერის გამარჯვებული გუშინ გამოავლინა.
“ჯი-თი გრუპისგან” მერია ISUZU-ს მარკის ავტობუსებს შეიძენს. ერთი ავტობუსის ღირებულება 294,500 ლარი იქნება.
პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით, “ჯი-თი გრუპის” მეწილეები “ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველები არიან. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კომპანიის 34%-ის წილის მფლობელმა გიორგი გველესიანმა სალომე ზურაბიშვილს 60,000 ლარი შესწირა.
გველესიანმა 60,000 ლარი “ქართულ ოცნებას” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც შესწირა. მასთან ერთად, 2016 წელს, 60,000-ლარიანი პოლიტიკური შემოწირულობა “ჯი-თი გრუპის” კიდევ ერთმა მეწილემ თემურ უსტიაშვილმაც განახორციელა.
ტენდერში “ჯი-თი გრუპის” კონკურენტი შპს “გრავიტა” იყო, რომელმაც მერიას ავტობუსები 63 მილიონ ლარად შესთავაზა. კომპანიამ ტექნიკური დოკუმენტების გაუმართაობის გამო მერიისგან დისკვალიფიკაცია მიიღო.
ISUZU-ს მარკის ავტობუსები თურქეთში, ISUZU ANADOLU-ს ქარხანაში აეწყობა. დიზელის ძრავიანი ავტობუსები EURO 6-ის სტანდარტის იქნება.

























