ჯანდაცვის სამინისტროს პროექტების განმახორციელებელი ერთეულის მენეჯერის, ნინო კვერნაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს კომპენსაციის რამდენიმე პაკეტი შესთავაზეს და მათ ფიქრისთვის 90 დღე აქვთ.
საქმე ის არის, რომ მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს თავიდან ააშენებს. არსებული შენობის დემონტაჟის აუცილებლობა ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა.
„დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შედგა შეხვედრა და მათ გაეცნოთ ყველა ის საკომპენსაციო პაკეტი და მოცულობა, რაზეც სამინისტრომ იმუშავა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. საკომპენსაციო პაკეტი განსხვავებულია შრომის კოდექსისგან და გაცილებით დიდია, რასაც შრომის კოდექსი ითვალისწინებს და რაც არის 2 თვე. თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, მისთვის განსხვავებული პაკეტია შეთავაზებული და შეთავაზებები ეხება როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე ადმინისტრაციულ თანამშრომლებს. რაც შეეხება პაკეტს, იმ შემთხვევაში, თუ პირი თავიდანვე უარს იტყვის რესპუბლიკურთან გააგრძელოს რაიმე ტიპის შრომითი ხელშეკრულება, მიეცემა კომპენსაცია ხელფასის 12 თვის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ პირი მუშაობს სხვა სამსახურში, მას მიეცემა მხოლოდ 4 თვის კომპენსაცია, იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის 12-თვიან ანაზღაურებაზე, შესაძლებლობა მიეცემა, აირჩიოს სხვა ტოლფასი თანამდებობა და ამ შემთხვევაშიც კი, ის მიიღებს 4 თვის კომპენსაციას. თუ დასაქმებული უარს აცხადებს მიმდინარე პოზიციის დატოვებაზე და მასზე ვერ მოხდა ტოლფასი თანამდებობის შეთავაზება, ამ შემთხვევაში განიხილება, რომ მას შეუნარჩუნდეს 3-წლიანი ხელშეკრულება ხელფასის სრული ოდენობით, თუმცა განიხილება დასაქმების შესაძლებლობა იქამდე, ვიდრე არ დასაქმდება“, - განაცხადა ნინო კვერნაძემ და განმარტა, რომ ტოლფასი სამსახურის შეთავაზებაში განიხილება შინაარსობრივად იგივე სამსახური, თუმცა გეოგრაფიულად რამდენად მისაღები იქნება, ეს მოლაპარაკების საგანია.
რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს, ნინო კვერნაძე განმარტავს, რომ შესაძლებელია, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს იმაზე მეტი ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე სხვა კლინიკებს, რის გამოც ექიმებისთვის კომპენსაციების მიცემა გადაწყდა.
რაც შეეხება ექიმების პოზიციას, კვერნაძე ამბობს, რომ ექიმებთან არაერთი შეხვედრისას პოზიციების შეჯერება ხდებოდა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს 600-მდე თანამშრომელი ჰყავს და მათ შეთავაზებაზე ფიქრისთვის 90 დღე აქვთ.