მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნალურების სუბსიდირება კლინიკებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - "მედალფა"

60253b2e7f308
ინგა მურუსიძე
11.02.21 23:00
838
25 იანვარს კლინიკების წარმომადგენლებისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი კლინიკებისთვის გაზრდილი ენერგოტარიფების სუბსიდირება იყო. როგორც მაშინ ითქვა, კლინიკებისთვის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების საკითხი ჯანდაცვის უწყებას ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა შეეთანხმებინა, თუმცა, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ სამედიცინო დაწესებულებებს გაზრდილი კომუნალური ხარჯები არ დაუსუბსიდირდებათ.

BM.GE ესაუბრა „მედალფას“ დირექტორს, გიორგი ამბროლიანს, რომელიც ამბობს, რომ კლინიკებისთვის კომუნალური გადასახადების დასუბსიდირება სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია. ამასთან, გიორგი ამბროლიანის თქმით, ძალიან ცუდია, თუკი ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების თხოვნა არ გაითვალისწინა, რადგან გაზრდილი ტარიფების პირობებში, კომუნალური გადასახადები ასეულობით ლარს აღწევს.

„მოლოდინი შეიძლება ყოველთვის დიდი ჰქონდეს ადამიანს, ამიტომ კარგი იქნებოდა გაეთვალისწინებინათ ჩვენი თხოვნა. კარგი იქნებოდა, საკითხი დადებითად გადაწყვეტილიყო. ძალიან ცუდი იქნება, თუ საბოლოო გადაწყვეტილება ასეთია. კომუნალურების სუბსიდირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ხარჯი ძალიან გვეზრდება კომუნალურებით. ანალიზი გავაკეთეთ და ათეულობით ათასით გვეზრდება გადასახადები. ზოგიერთ შემთხვევაში კი უფრო მეტად“, - განაცხადა გიორგი ამბროლიანმა.

ის ასევე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ კლინიკები ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით წარმატებით მუშაობენ და ამაზე ყოველდღიური შეხვედრები აქვთ.

როგორც „მედალფას“ დირექტორი BM.GE-ს უხსნის, პირველი შეხვედრა ტარიფების საკითხზე რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ახლა კი კლინიკები მუშაობენ რამდენიმე მოდელზე, რომლითაც ანაზღაურების დათვლა უნდა მოხდეს, ხოლო მოგვიანებით უკვე შემუშავებული მოდელები სამინისტროს უნდა შესთავაზონ.

„ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა, შევთანხმდით, რომ ჩვენ შევიმუშავებდით სქემას ე.წ. არაპირდაპირი ხარჯის და მერე დავიწყებდით ამ საკითხის განხილვას. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ სქემას, თუ რა გვაქვს დღეს არაპიპირდაპირი ხარჯი. ამაზე ვმუშაობთ და სქემას წარვუდგენთ სამინისტროს. დაგვეთანხმებიან თუ არა ამაზე, ჯერ არ ვიცით“, - განმარტა გიორგი ამბროლიანმა და დასძინა, რომ ტარიფის დათვლის სქემის შედგენაში ძალიან ბევრი კლინიკა მონაწილეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები