კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, ოპერატორების მიერ მობილურ ინტერნეტზე ფასის ზრდას კომისია სწავლობს.
როგორც ბექაურმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თქვა, კომპანიების მიერ გაზრდილი ფასები შედარდება მის ევროპულ ანალოგს საქართველოში არსებული მსყიდველობითი შესაძლებლობების გათვალისწინებით და კომისიას ამ საკითხზე რეაგირება ამის შემდეგ ექნება.
მისივე თქმით, წინასწარი დაკვირვებით მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორების მიერ ძალაუფლების ზედმეტად გამოყენების ნიშნებს ვერ ხედავენ, რადგან კომპანიები მომხმარებელს ალტერნატივებს სთავაზობენ.
“ჩვენი ხედვა ევროპულის მსგავსია, საცალო ბაზარი არ უნდა ვარეგულიროთ. აქედან გამომდინარე, საცალო ფასები არ უნდა დარეგულირდეს თუ ამას გადაუდებელი აუცილებლობა არ ითხოვს. თუ გარკვეული პერიოდით საცალო ბაზარი დარეგულირდება ეს დროებითი უნდა იყოს. კომისიამ და თუ საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო პარლამენტმა, უნდა მიმართოს ძალები იქითკენ, რომ საბითუმო ბაზარი დარეგულირდეს და მისი რეგულირებით კონკურენცია იყო უზრუნველყოფილი. გარკვეული საფასო მოქნილობა, რაც რეგულირებული გვქონდა გავაუქმეთ და ფოკუსი საბითუმო სეგმენტზე გავაკეთეთ. მინიჭებულმა საფასო თავისუფლებამ გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა საფასო კორექტირება გამოიწვია, რასაც ვაკვირდებით”,-განაცხადა ბექაურმა.
მოკვლევის შესახებ კომისიამ ივლისში დააანონსა. კომისიაში bm.ge-ის უთხრეს, რომ ისინი ჩაატარებენ საბაზრო ანალიზს თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს მობილური ოპერატორების მიერ შეთავაზებული ტარიფები ევროპის ქვეყნებში არსებულ ანალოგიურ ტარიფებს. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ამ კვლევის შედეგების შემდგომ, ისინი უკეთ შეაფასებენ, რამდენად ადეკვატური ფასდადება აქვთ დღეს ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებს.
მიმდინარე წლის ივლისში "მაგთიმ" და "სილქნეტმა" სამომხმარებლო ტარიფები გაზარდეს. ცვლილება ძირითადად ულიმიტო ინტერნეტის ფასებს შეეხო. ცვლილება სხვადასხვა სერვისის მიხედვით 5%-25%-ის ფარგლებშია.




























