მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველის საქმიანობა ეფექტიანია

61701c54038a5
სალომე მეცხვარიშვილი
20.10.21 18:40
803
ერთი წელია, რაც კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დანიშნა, რომლის მთავარი ფუნქცია უნდა ყოფილიყო, აღესრულებინა მარეგულირებლის გადაწყვეტილება და კომპანიის გასხვისებული წილები ძველ მფლობელს დაბრუნებოდა. სპეციალური მმართველი არაეფექტიანი აღმოჩნდა, კომუნიკაციების კომისია ერთი წლის შემდეგ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ისევ კომპანიის დირექტორატს სთხოვს. ბოლოს, 15 ოქტომბერს, ჩატარებულ სხდომაზე, კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინს” წლის ბოლომდე მისცა ვადა, რომ აზერბაიჯანულ ჰოლდინგზე, “ნექსოლზე”, გასხვისებული 100%-იანი წილი მის ძველ მფლობელს ხვიჩა მაქაცარიას დაუბრუნდეს, რადგან კახა ბექაურის უწყებას ეს ტრანზაქცია უკანონოდ მიაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურ მმართველს ძალიან დიდი უფლებამოსილებები აქვს, წილებს ძველ მფლობელს ვერ უბრუნებს.“კავკასუს ონლაინმა” 1 წელიწადში მესამე მმართველი გამოიცვალა, თუმცა - უშედეგოდ.  

იმისთვის, რომ “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დანიშნულიყო, დაჩქარებული წესით კანონი შეცვალეს. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში” 2020 წელს შესული ცვლილებების გამო, საქართველო “ვენეციის კომისიამ” მწვავედ გააკრიტიკა და კონკრეტული ცვლილებებისკენ მოგვიწოდა. არასამთავრობო სექტორი (IDFI, "მედიის უფლებები") მიიჩნევს, რომ კანონი რეალურად არ მუშაობს, რადგან სპეციალური მმართველი "კავკასუს ონლაინის" შემთხვევაში რეალობას ვერ ცვლის.

განსხვავებულად ფიქრობენ კომუნიკაციების კომისიაში. მარეგულირებელში “საქმის კურსს” განუცხადეს, რომ სპეციალური მმართველი ეფექტიანია და მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არამხოლოდ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, არამედ კონტროლი - ახალმა, უკანონო მფლობელმა არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დააზიანებს, როგორც მომხმარებელს და ბაზარზე კონკურენციას, ისე ზოგადად სატელეკომუნიკაციო სფეროს და საქართველოს ინტერესებს.

"რაც შეეხება კომუნიკაციების კომისიის მიერ „კავკასუს ონლაინში“ დანიშნული სპეციალური მმართველის ეფექტიანობას - მოგეხსენებათ, რომ „კავკასუს ონლაინი“ არის ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი, წილების უკანონოდ გასხვისების პირობებში (რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიას არ მისცემია შესაძლებლობა წინასწარ ემსჯელა წილის გასხვისება თუ რა გავლენას მოახდენდა ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე), კომპანიის არაეფექტიან ოპერირებას შეიძლება ნეგატიური გავლენა ჰქონდეს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოზე. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის უკანონო მფლობელს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ნებელობა ამ ეტაპზე არ აქვს და სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ტრანზიტის თვალსაზრისით კომპანიის ოპერაციების გავლენა დიდია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კომპანიაში სპეციალური მმართველის როლი.

სპეციალური მმართველის მთავარი ფუნქცია, ერთი მხრივ, გულისხმობს იმას რომ შეზღუდოს უკანონო მფლობელის მიერ ისეთი ქმედებები რასაც დამაზიანებელი ეფექტი ექნება ბაზრისთვის და უარყოფითად აისახება სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე და, მეორე მხრივ, კომპანიას მისცეს საშუალება ეფექტიანად გააგრძელოს ფუნქციონირება. სპეციალური მმართველის დანიშვნის მთავარი მიზანი წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებასთან ერთად, იყო კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა, რომ უკანონო მფლობელს არ მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში დააზიანებდა, როგორც მომხმარებელს და ბაზარზე კონკურენციას, ისე ზოგადად სატელეკომუნიკაციო სფეროს და ქვეყნის ინტერესებს. სპეციალური მმართველის საქმიანობა არის ეფექტიანი თუნდაც გამომდინარე იქიდან, რომ ეს მექანიზმი ზღუდავს უკანონო მფლობელის მიერ ისეთ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რომელიც ქვეყნისთვის რისკებს შეიცავს (კომპანიის უკანონო მფლობელი ვერც-ერთ გადაწყვეტილებას, წინასწარი თანხმობის გარეშე ვერ იღებს).

შესაბამისად, სპეციალური მმართველის ეფექტიანი საქმიანობით რისკებიც დაზღვეულია და უზრუნველყოფილია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენტული გარემო. „კავკასუს ონლაინის“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას რაც შეეხება, როგორც იცით, საარბიტრაჟო დავის ფარგლებში მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებების პროცესი. გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი.

რაც შეეხება დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას, აღნიშნული პარლამენტის კომპეტენციაა, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ საჭიროა, დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, კომუნიკაციების კომისია მზადაა, ჩაერთოს სამუშაო პროცესში”, - განუცხადეს “საქმის კურსს” კომუნიკაციების კომისიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები