კომპანია Georgia Global Utilities-ს აღმასრულებელი დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ახალი ჰესების მნიშვნელობასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან მოსახლეობასთან კომუნიკაციის მეტად გააქტიურებას მიესალმებოდა.
ამის შესახებ გაჩეჩილაძემ BM.ge-ს ბოლო პერიოდში ჰესების აშენების წინააღმდეგ აგორებული საპროტესტო ტალღების კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ცნობილია, Georgia Global Utilities-ს შვილობილი კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ მესტიაში 50 მეგავატიან "მესტიაჭალა1" და "მესტიაჭალა2"-ს აშენებს, რომელიც ე.წ. „მწვანე ჰესების“ კატეგორიაში გადის, რადგან მდინარის მოდინებაზე შენდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მესტიაჭალაჰესის წინააღმდეგაც არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა და ამ დროისთვის, სამუშაოები დროებით შეჩერებულია.
Georgia Global Utilities-ს აღმასრულებელი დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, მთავრობის დახმარებით მიღწეულია შეთანხმება და ტექნიკა ადგილზე შეუშვეს, მაგრამ სამუშაოები აქტიურად მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, როცა ამ ჯგუფს და მათ ექსპერტებს დაარწმუნებენ, რომ მესტიაჭალაჰესი ნამდვილად „მწვანე ჰესია“ და უსაფრთხოა.
BM.ge-თან ინტერვიუში არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ საჯარო განხილვები საკმარისი არაა.
„მიგვაჩნია, რომ ინვესტორებსაც მეტის გაკეთება შეუძლიათ კომუნიკაციის კუთხით; სვანეთის მაგალითზე ვიტყვი, რომ მართალია, ჩვენ საჯარო განხილვები გავმართეთ მაგრამ რასაც ჰქვია თითოეულ ოჯახში მისვლა და მათთან საუბარი, რაც ალბათ კიდევ უფრო დამატებითი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენგან, ფაქტობრივად, წელს გავაკეთეთ. ეს ჩვენთვის გამოცდილებაა, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ ამ კუთხით რაც უფრო მეტს გააკეთებ, ნაკლები პრობლემა გექნება. ეს ჩვენი პირდაპირი ინტერესია და ყველა მომავალ პროექტში გვექნება ინტენსიფიკაცია ამ მიმართულებით - კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ახსნა-განმარტებები და ინფორმაციის მიწოდება“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, ის მიესალმებოდა მთავრობის მხრიდან მოსახლეობასთან კომუნიკაციის მეტად გააქტიურებასაც.
„ჩვენ თუ გვინდა, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მეზობლებზე, რომლებსაც მეტი ენერგორესურსი აქვთ, საჭიროა, საკუთარი რესურსები ავითვისოთ. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ კარგად გაიგოს, რომ ენერგეტიკა არის საქართველოს დამოუკიდებლობის და ძლიერების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და აქ მთავრობის მხრიდან მეტი პიარი იქნება თუ მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ ყველასთვის გასაგები იყოს ამ დარგის მნიშვნელობა, იქნებოდა მისასალმებელი. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით, მომავალში ნაბიჯები უფრო ინტენსიური გახდება“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის: "მესტიაჭალა1" და "მესტიაჭალა2"- ის სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ხოლო ინვესტიციის 2/3 უკვე განხორციელებულია. მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

























