სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ქართული ხის სათამაშოებისა და მონტესორის საბავშვო ავეჯის მწარმოებელი კომპანია „გოგორაც“.
რა მნიშვნელობა აქვს ასეთ გამოფენებში სათამაშოების ქართული წარმოებებისთვის და რა შედეგებით დაბრუნდა "გოგორა" საერთაშორისო გამოფენიდან - BM.GE-ს ამ კითხვებს კომპანიის დამფუძნებელმა ნინო რაზმაძემ უპასუხა. მისი შეფასებით, ასეთი გამოფენები მცირე მეწარმეებს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციების გაცნობის და ამ პროცესში ადგილობრივი მეწარმეების მდებარეობის გაგების შესაძლებლობას აძლევს. ნინო რაზმაძე იმასაც აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მასშტაბით წარდგენისას ქართველი მეწარმეები იმისაც სწავლობენ თუ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე კონკურენტუნარიანები გახდნენ. გამოფენაზე გასვლის შემდეგ კი კომპანია ახლა 10-მდე ევროპულ კომპანიასთანაა კომუნიკაციაში, რომელთა შორის გერმანული, ფრანგული, ავსტრიული, ესპანური და ბელგიური კომპანიები არიან.
„გამოფენაზე ძალიან კარგი გამოხმაურება გვქონდა, რადგან საქართველოს უკვე სხვა ქვეყნიდან წარმოების გადმოტანის საშუალებად აღიქვამენ და მათთვის ქვეყანა პრიორიტეტული გახდა.
ეს ჩვენთვის მეორე გამოცდილებაა და უკვე ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენით რამდენიმე ვებგვერდია დაინტერესებული, რომლებსაც ჩვენი პროდუქციის მათ გვერდებზე გაყიდვა სურთ. ასევე, ავეჯით რამდენიმე საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული, რომლებსაც ავეჯი სკოლებსა და ბაღებში შეაქვთ“, - აცხადებს რაზმაძე.
მისივე ცნობით, სექტორში ხის მასალის სერტიფიცირების საკითხი, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რაც მასიურ საექსპორტო აქტივობების განხორციელებაში, მნიშვნელოვნად აფერხებთ.