მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონგოს ტროპიკულ ტყეებში აფრიკული მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

Colobus congoensis

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტროპიკულ ტყეებში მეცნიერებმა აფრიკული მაიმუნის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს, რაც თანამედროვე პრიმატოლოგიაში ერთ-ერთი უიშვიათესი აღმოჩენაა.

მაიმუნი, რომელსაც სამეცნიერო სახელი "Colobus congoensis" უწოდეს, ადგილობრივად კი "ლიკველის" (Likweli) სახელითაა ცნობილი, ძირითადად შავი ფერისაა და სახეზე მკვეთრი ნარინჯისფერი ლაქები აქვს.

ეს ბოლო 75 წლის განმავლობაში აფრიკაში აღმოჩენილი მაიმუნის მხოლოდ მეხუთე ახალი სახეობაა. კონგოს აუზის მიუვალ რეგიონში მობინადრე სახეობა აქამდე აღუწერელი რჩებოდა, მიუხედავად ცენტრალურ აფრიკაში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებისა.

ამ ახალი სახეობის ისტორია 2008 წელს მოულოდნელი შემთხვევით დაიწყო, როდესაც მკვლევრებმა მაიმუნის ნაწილობრივ ბუნდოვანი ფოტო გადაიღეს. ათი წლის შემდეგ, მეცნიერები ამ ცხოველს კვლავ შეხვდნენ და ბევრად უფრო მკაფიო სურათის გადაღება მოახერხეს. ამ აღმოჩენამ ბიძგი ამ პრიმატზე შემდგომ კვლევებს მისცა.

უახლესმა გენეტიკურმა, ანატომიურმა და აკუსტიკურმა ანალიზებმა დაადასტურა, რომ მაიმუნი წარმოადგენს ცალკეულ ევოლუციურ ხაზს, რომელიც თავის უახლოეს ცნობილ ნათესავს 4-5 მილიონი წლის წინ ჩამოცილდა. კვლევის შედეგები, რომლებიც ჟურნალ "PLOS One"-ში გამოქვეყნდა, ასევე მიუთითებს იმაზე, რომ სახეობა შესაძლოა უკვე საფრთხის ქვეშ იყოს მცირე არეალის, ბუნებრივი ჰაბიტატის დაკარგვისა და ნადირობის გამო.

აღმოჩენა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გააკეთა, რომელშიც ფლორიდის ატლანტიკური უნივერსიტეტის, ლუკურუს ველური ბუნების კვლევითი ფონდის, იელის უნივერსიტეტის, ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტის, ლომამის ეროვნული პარკისა და ფრანკფურტის ზოოლოგიური საზოგადოების წარმომადგენლები შედიოდნენ.

მბზინავი შავი ბეწვით, მხრებზე მოსასხამისებრი ზოლებით, გრძელი კუდითა და პირისა და ცხვირის გარშემო მკვეთრი ნარინჯისფერ-კრემისფერი ლაქით, C. congoensis-ს სხვა კოლობუსებისგან განსხვავებული, ნიღბისებრი გარეგნობა აქვს. ნათესავ სახეობებთან შედარებით იგი უფრო მცირე ზომისაა - იწონის დაახლოებით 7 კგ-ს - და გლუვი, სინათლის ამრეკლი ბეწვით, გრძელი შავი ბეწვით დაფარული სახითა და დიდი, დაკეცილი ყურებით ხასიათდება.

ახლად აღმოჩენილი პრიმატი სხვა აფრიკული კოლობუსებისგან მხოლოდ გენეტიკურად და ანატომიურად კი არა, ხმოვანი სიგნალებითაც განსხვავდება.

2018 წლიდან 2022 წლამდე მკვლევრებმა ცხოველი მხოლოდ 114-ჯერ დააფიქსირეს სავარაუდოდ სულ რაღაც 1700 კვადრატული კილომეტრის ფართობზე, რაც კოლობუსის ტიპის მაიმუნებისთვის უჩვეულოდ მცირე ტერიტორიაა. C. congoensis ბუნებრივადაა იზოლირებული მდინარეებითა და ტყის ბარიერებით და დამოკიდებულია კონგოს აუზში მიმოფანტულ ტყის მაღლობებზე.

მიუხედავად იმისა, რომ სახეობა ახლახან შევიდა სამეცნიერო რეესტრში, მკვლევრები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ის შესაძლოა უკვე საფრთხის ქვეშ იყოს. მეტისმეტად მცირე არეალის, პოპულაციის მცირე ზომის, მზარდი ნადირობისა და ბუნებრივი გარემოს განადგურების გამო, მეცნიერები გამოდიან ინიციატივით, რომ C. congoensis-ს ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში გადაშენების პირას მყოფი სახეობის სტატუსი მიენიჭოს. ვინაიდან მისი გავრცელების ძირითადი ზონა ლომამის ეროვნულ პარკში მდებარეობს, ამ რეგიონის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სახეობის გადასარჩენად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები