მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონგოში ებოლას ებრძვიან - ეპიდემიამ 2300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

ებოლა კონგო

კონგოში ებოლას რიგით მე-17 ეპიდემია მძვინვარებს, რომელმაც უკვე 2300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სასიკვდილო მაჩვენებელია.

მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, დაფიქსირებულია ინფიცირების 4945 და გარდაცვალების 2325 შემთხვევა, რითაც ის 2018-2020 წლების კრიზისსაც აღემატება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვირუსი უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება.

ეპიდემია კონგოს აღმოსავლეთით მდებარე ექვს პროვინციას მოიცავს, რომელთაგან ყველაზე რთული ვითარება იტურიშია, სადაც ზოგიერთმა ოჯახმა 15-მდე წევრი დაკარგა. კრიზისთან ბრძოლას მნიშვნელოვნად ართულებს საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობა, აუნაზღაურებელი შრომის გამო გაფიცული მედპერსონალი, შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმები და განუვითარებელი ინფრასტრუქტურა.

ვირუსი იშვიათ „ბუნდიბუგიოს“ (Bundibugyo) შტამს წარმოადგენს, რომლის საწინააღმდეგო დამტკიცებული ვაქცინა ან სამკურნალო საშუალება ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა იტურიში უკვე დაწყებულია კლინიკური კვლევები.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვირუსი შესაძლოა ჯერ კიდევ თებერვალში, ეპიდემიის 15 მაისს ოფიციალურად გამოცხადებამდე თვეებით ადრე გავრცელდა.

შექმნილი ვითარების საპასუხოდ, გაერომ 30.5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, ადგილზე დამატებითი პერსონალი გაგზავნა და საერთაშორისო საზოგადოებას დროული და ქმედითი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები