ამერიკელმა კონგრესმენებმა - რესპუბლიკელმა მაიკ ტერნერმა და დემოკრატმა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-მა უნდა გააგრძელოს ნაბიჯები იმისთვის, რომ პასუხი აგებინოს მათ, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებითაც.
ერთობლივ განცხადებას კონგრესმენები სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებენ.
„ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრის გამო სანქცირებასთან დაკავშირებით. ივანიშვილის კურსის მიხედვით, ქართულმა ოცნებამ საქართველო დაუახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელს, მიიღო უცხოური აგენტების შესახებ კანონი, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენა და ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება მათზე, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით“, - წერენ კონგრესმენები.
My statement with Congressman @GerryConnolly about the Biden Administration placing sanctions on former Georgian Prime Minister Bidzina Ivanishvili: pic.twitter.com/s6kqRIU70i
— US Rep. Mike Turner (@RepMikeTurner) January 3, 2025
ცნობისთვის, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს გამოჩნდა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია.