ამერიკელი კონგრესმენები სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს სწერენ და სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან მიმართებით აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. მთავარი საკითხი, რაზეც კონგრესმენები წერენ, არის საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, ხოლო სხვა საკითხებთან ერთად, მოხსენიებულია "ქოლ-ცენტრები" და მათგან მიღებული "შავი ფული", რომელიც "ქართული ოცნების" სალაროსკენ მიემართება.
"ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ვალდებულებაა, რომ აშშ სხვა მეგობარი სახელმწიფოების საგამოძიებო ორგანოებთან ერთად ჩაერთოს, რათა მიღებული იყოს სწრაფი, მკვეთრი და სისტემური ქმედებები ამ ქოლ-ცენტრების ქსელების წინააღმდეგ,"- წერენ ამერიკელი კანონმდებლები.
გამოცემა The Hill-ის თანახმად, ბლინკენს წერილი ჰელსინკის კომისიის წევრებმა ჯო ვილსონმა, სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვესიმ მისწერეს.
The Hill-ის თანახმად, წერილში ივანიშვილი მოხსენიებულია მთავარ მიზეზად, რომლის გამოც მმართველმა პარტიამ ევროინტეგრაციის კურსიდან გადაუხვია და რუსული სტილის კანონის მიღებით ქვეყანაში თავისუფლების შეზღუდვა განიზრახა.
სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, კონგრესი განიხილავს აქტ "მეგობარს", თუმცა იქამდე სანამ აღნიშნული აქტი დამტკიცდება, კონგრესმენები აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესზე პასუხისმგებელს, პერსონალურ სანქციებს დაუწესებს.
2024 წლის მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას იწყებენ, რასაც აშშ-ის მხრიდან ქართველი მაღალჩინოსნების და მათ შორის რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელი დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესება მოჰყვა.