მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონგრესმენებმა და სენატორებმა "ოცნების" "ანტიამერიკულ რიტორიკაზე" მარკო რუბიოს წერილით მიმართეს

მარკო რუბიო

ვაშინგტონში, რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა და კონგრესმენმა წერილით მიმართა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, სადაც მოუწოდებენ, დაიცვას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც მათი თქმით, „გაუმართლებლად გახდნენ საქართველოს ხელისუფლების სამიზნე“.

წერილის ავტორები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობს, ბოლო პერიოდში ანტიამერიკული რიტორიკის გამკაცრებით ეწინააღმდეგება საკუთარ განცხადებებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილის შესახებ.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოაცხადა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის სურვილი, თუმცა მათი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროზე მიუთითებს, მოგიწოდებთ, მოითხოვოთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და აშშ-ის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი არ იქნებიან ცილისწამების ობიექტები ან თავდასხმის სამიზნეები".

სენატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ აშშ-ს „რევოლუციის დაფინანსებაში“ დასდო ბრალი, რაც მათ შეფასებით, ეფუძნება არასწორად ინტერპრეტირებულ ფაქტებს. კერძოდ, USAID-ის ყოფილი თანამშრომლებისთვის კანონით განსაზღვრულ კომპენსაციებს.

წერილში ნათქვამია, რომ ეს განცხადებები საფრთხეს უქმნის აშშ-ის პერსონალს საქართველოში და ამძიმებს ორმხრივ ურთიერთობებს.

წერილს ხელს აწერენ სენატორები ჯინ შაჰინი, როჯერ უიკერი, შელდონ უაიტჰაუსი და კონგრესმენები ჯო უილსონი, სტივ კოენი და ჯონ კერტისი. მათ სთხოვენ რუბიოსა და სახელმწიფო დეპარტამენტს, ოფიციალურად გააპროტესტონ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და უზრუნველყონ ამერიკული პერსონალის დაცვა ქვეყანაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები