Konica Minolta Georgia-ს 2024 წლის გეგმა საქართველოში IT სერვისების შემოტანა, დანერგვა და განვითარება იქნება. ამის შესახებ Konica Minolta Georgia-ს რეგიონალურმა დირექტორმა, რევაზ ჯამაგიძემ გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ სტუმრობისას ისაუბრა.
მისი თქმით, საერთაშორისო კომპანია საქართველოს ბაზარზე ამჟამად მხოლოდ საბეჭდი დანადგარების მიწოდების კუთხით ფოკუსირდება.
„მსოფლიო ბაზარზე ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი IT სერვისების პორტფოლიოც. 2024 წლის ჩვენი გეგმაც ზუსტად იქნება ის, რომ პრიორიტეტში გვქონდეს IT სერვისების შემოტანა, დანერგვა და განვითარება, რათა არ ვიყოთ ფოკუსირებული მხოლოდ ბეჭდვის მიმართულებაზე. 2024 წლის მინიმალური გეგმა არის ის, რომ საქართველოს ბაზარს ციფრული ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები შევთავაზოთ“, - განაცხადა რევაზ ჯამაგიძემ.
ცნობისთვის, საერთაშორისო ბრენდი Konica Minolta, რომელიც გლობალურ ბაზარზე ოპერირების 150 წელს ითვლის და 39 000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს, კავკასიის რეგიონში 2019 წლიდან გამოჩნდა და თბილისში ბეჭდვის სრულიად ახლებური დანადგარებისა წარმოება დაიწყო. 20 თებერვალს კი რეგიონალურ ბაზარს ეტიკეტების ბეჭდვის უნიკალური და თანამედროვე ტექნოლოგია წარუდგინა.
Konica Minolta Georgia-ს გუნდი "AdWise ჯგუფთან" თანამშრომლობით ციფრული ბეჭდვის ახალ მანქანაზე მუშაობას დაახლოებით ორი თვის წინ შეუდგა. სპეციალისტებმა უნგრეთის, ჩეხეთის და უკრაინის ინჟინერთა გუნდის მხარდაჭერით AccurioLabel 400 roll-to-roll ციფრული ბეჭდვის მანქანა და MGI JETvarnish 3D აამოქმედეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დანადგარი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია წარმოდგენილი, კავკასიის რეგიონისთვის კი პირველია, რომელიც "AdWise"-ის სტამბაში დაინსტალირდა.