OneRepublic-ი, Jungle და Scorpions-ი - ამ შემსრულებლების კონცერტები დაიგეგმა სახელმწიფოს სუბსიდირებით "ბლექ სი არენაზე" წელს "სტარინგ ჯორჯიას" ფარგლებში. პროექტი, რომელიც გასულ წელს დაიწყო 2023-ში გადასახადის გადამხდელებს 13 მლნ ლარი დაუჯდათ.
ბათუმში წლევანდელი კონცერტების გათვალისწინებით, სასტუმროებში ჯავშნების მიღება დაწყებულია, თუმცა Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შარშანდელის მსგავსად, ამ ჯერზეც ადგილობრივი დამსვენებლები ჭარბობს. ვალერი ჩეხერია აღნიშნავს, რომ მეტი აქტივობისთვის და პროგრამის მეტი პოპულარიზებისთვის ტურისტებისთვის კონცერტების განრიგი ბევრად ადრე უნდა იყოს ცნობილი, რათა მათ ტურების დაგეგმვა მოასწრონ.
“დარწმუნებული ვარ, კონცერტებს კარგი ეფექტი ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ჯავშნები უკვე შემოდის. თუმცა სასტუმროს ძირითადად ადგილობრივები ჯავშნიან და არა საერთაშორისო ვიზიტორები. შარშან თბილისში სარესტორნე ნაწილი უფრო დატვირთული იყო. ქალაქში ძალიან ბევრი ჩამოსული იყო, როგორც რეგიონებიდან ისე საერთაშორისო მოგზაურები, რასაც სარესტორნე ბიზნესზე დადებითი ეფექტი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ ეფექტი წელსაც იქნება, რაც აჭარაში სასტუმროებზე, თბილისში კი სარესტორნე ბიზნესზე აისახება. აუცილებელია, რომ კონცერტების განრიგი ადრე ვიცოდეთ, რადგან უცხოელი მოგზაური მცირე დროში, სწრაფად მოგზაურობას ვერ დაგეგმავს. მას სასტუმროს და მგზავრობის ბილეთის უკეთეს ფასად შეძენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს", - ამბობს ვალერი ჩეხერია და დასძენს, რომ პროგრამის პოპულარიზებისთვის "კონკრეტული ბაზარი უნდა განვსაზღვროთ, თუ ამას ვაკეთებთ მეზობლებისთვის, სარეკლამო კამპანია მათ ენაზე იქაც უნდა გადიოდეს”, - ამბობს Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია.