მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკრეტული მედიკამენტი, კონკურენციის გამო, რეფერენტულზე იაფადაც კი იყიდება - "ავერსი რაციონალი"

მალხაზ კურტანიძე

„ავერსი რაციონალის“ გენერალურმა დირექტორის მალხაზ კურტანიძის განცხადებით, მათი წარმოების კონკრეტული მედიკამენტები, კონკურენციის გამო, რეფერენტულ ფასზე იაფადაც კი იყიდება. ამის შესახებ მან "ფასების საპარლამენტო კომისიის" სხდომაზე განაცხადა.

მედიკამენტების ადგილობრივი წარმოების ხელმძღვანელმა კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებსა და ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ავერსი რაციონალი" ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს და მისი ხარისხი ყოველწლიურად გერმანული აუდიტის მიერ მოწმდება.

როგორც მალხაზ კურტანიძემ აღნიშნა, წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 85% ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება, ხოლო 10–15% ექსპორტზე გადის. დირექტორის თქმით, ფასწარმოქმნის პროცესში გადამწყვეტ როლს არა მხოლოდ სახელმწიფო რეგულაციები, არამედ თავისუფალი ბაზარიც თამაშობს.

„მარჟები რეფერენტულ და არარეფერენტულ მედიკამენტებზე თითქმის ერთნაირია. ჩვენ ფასწარმოქმნას არ ვანგარიშობთ ცალკე რეფერენტულსა და არარეფერენტულზე. გვაქვს საერთო ფასნამატის პრინციპი. უნდა ითქვას, რომ მხოლოდ რეფერენტული ფასები არ არეგულირებს ბაზარს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კონკურენტების ფასებსაც. ხშირად ხდება, რომ კონკრეტული მედიკამენტი რეფერენტულზე იაფადაც კი იყიდება კონკურენციის გამო.“

კურტანიძის თქმით, „ავერსი რაციონალის“ მედიკამენტების დაახლოებით 50% რეფერენტული ფასების რეგულირების ქვეშ ექცევა. მისივე პროგნოზით, ამ ჩამონათვალის გაფართოება კომპანიის მოგებას შეამცირებს, თუმცა ეს პროცესი კატასტროფული ასახვის არ იქნება.

კომისიის სხდომაზე საუბარი შეეხო კომპანიის სტრუქტურასა და იმას, თუ რატომ არ ახორციელებს წარმოება დისტრიბუციას დამოუკიდებლად. დირექტორის განმარტებით, არსებული მოდელი, სადაც დისტრიბუციას „ავერსი ფარმა“ უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლისთვის ფასს ამცირებს.

„წარმოებას რომ თავად განეხორციელებინა მთელი საქართველოს მასშტაბით დისტრიბუცია, ეს უფრო ძვირი დაუჯდებოდა. ასეთ შემთხვევაში „რაციონალს“ ცალკე უნდა შეექმნა სადისტრიბუციო ქსელი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც დამატებით ხარჯებს ქმნის. ამ შემთხვევაში კი ყველა მხარე საბოლოოდ მომხმარებლის ჩათვლით მოგებულია, რადგან რაც ნაკლებია დამატებითი ხარჯი, მით ნაკლებია საბოლოო ფასიც.“

კურტანიძემ ხაზი გაუსვა, რომ მათი პროდუქცია წარმოდგენილია ყველა მსხვილ ქსელში, მათ შორის კონკურენტულ კომპანიებთანაც, მაგალითად PSP-ში.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც სხდომაზე დეპუტატების მხრიდან დაისვა, „ავერსის“ ჯგუფში შემავალ კლინიკებსა და აფთიაქებს შორის ურთიერთობას ეხებოდა. კურტანიძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯგუფის შიგნით საკუთარ წარმოებას პრივილეგირებული მდგომარეობა აქვს.

„ავერსის კლინიკებში არავინ არის ვალდებული გამოიყენოს ჩვენი მედიკამენტები, თუ ისინი არ არის კონკურენტუნარიანი ფასითა და ხარისხით. ეს გარანტირებულია იმით, რომ ჯგუფში შემავალი კომპანიები დამოუკიდებელი იურიდიული პირები არიან, აქვთ საკუთარი მოგების მიზნები და მოქმედებენ საკუთარი ინტერესებით. ავერსის სააფთიაქო ქსელში რაციონალის მედიკამენტების წილი დაახლოებით 10–11%-ია. პრიორიტეტი რომ არსებობდეს, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნებოდა.“

მალხაზ კურტანიძემ დეპუტატებს კომპანიის მოგების მარჟების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, კომპანიის წმინდა მოგება წლების განმავლობაში სტაბილურია.

„2005 წლიდან დღემდე, თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის სხვაობა (ამონაგები) არასდროს ყოფილა 50%-ზე მეტი. ბოლო წლებში დაახლოებით 40%-ია. წმინდა მოგება კი მთელი პერიოდის განმავლობაში მერყეობდა დაახლოებით 8–10%-ის ფარგლებში", - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

დასასრულს, „ავერსი რაციონალის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ფარმაცევტული ბიზნესი რთულად პროგნოზირებადია ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების გამო, თუმცა 2012 წლიდან დანერგილი სრული გაციფრულება მათ ნაშთებისა და პროცესების ეფექტურად მართვაში ეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები