კონკურენციის სააგენტო საავტომობილო გაზისა და ნავთობპროდუქტების ბაზარს სწავლობს. ამის შესახებ bm.ge-ს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა. მისი თქმით, სააგენტო საზოგადოებას შუალედურ ანგარიშს ახლო მომავალში წარუდგენს.
„ვსწავლობთ ნავთობის ბაზარს, ზაფხულში დავიწყეთ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა. ადრე იყო მოკვლევა კონკრეტული კომპანიების მიმართ, ამ კომპანიების გარდა ბაზარზე გამოჩნდნენ სხვა კომპანიებიც. ხედავთ, რომ ბაზარი იზრდება, კონკურენციის დონეც იზრდება, მაგრამ მაინც არის საზოგადოებაში ამ საკითხისადმი დიდი ყურადღება. ჩვენ გადავწყვიტეთ, მონიტორინგი ჩავატაროთ და ეს მონიტორინგი არ იქნება ერთჯერადი. ჩვენ სისტემატურად შევისწავლით დარგში არსებულ სიტუაციას.
ეს ეხება ყველას. ვსწავლობთ როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზარს, ფასების დინამიკას. ჩვენ გვეხმარებიან ჩვენი კოლეგები, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას. გვაქვს გარკვეული პრობლემები მეწარმე სუბიეტქებისაგან, ხანდახან მოთხივნილ ინფორმაციას სრულად არ გვაძლევენ, მაგრამ კანონს მივიღებთ და დარწმუნებული ვარ ეს პრობლემები აღარ გვექნება“-განმარტავს ნოდარ ხადური.
კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის პირველი მოკვლევის შემდეგ, 2015 წლის ივლისში ნავთობკომპანიები „კონკურენციის შესახებ კანონის“ დარღვევისთვის 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. საქმის მეორედ მოკვლევის შემდეგ 55 მილიონიანი ჯარიმა 3 მილიონამდე შემცირდა. ნავთობკომპანიებს სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ.