კონკურენციის სააგენტო უკვე შეუდგა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მითითების შესრულება და პურის გაძვირების მიზეზების შესწავლა დაიწყო. როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ , ნოდარ ხადურმა bm.ge-ს განუცხადა, დაიწყება მონიტორინგი და უწყება მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის საკითხს.
"საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და რთული თემაა, ჩვენ დროს არ ვკარგავთ, ახლაც შეკრებილები ვართ და ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ და სწრაფადვე მივიღოთ შედეგი,"-განაცხადა ხადურმა. მისი ინფორმაციით კონკურენციის სააგენტო აპირებს გამოითხოვოს ინფორმაციები იმპორტიორები კომპანიებისაგან და პურის ბიზნესთან დაკავშირებული სხვა სუბიექტებისგან. ხადური ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს რა დრო შეიძლება დასჭირდეს მონიტორინგის პროცესს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს შესაბამის უწყებებს დაავალა გამოავლინონ, არის თუ არა ეს ბაზარი კონკურენტული და აქვე ეჭვი გამოთქვა, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასამართლიან კონკურენციას. რაც შეეხება პურის ფასს, ის დღეს გაძვირდა, მატებამ კი 10-15 თეთრი შეადგინა. გაძვირების მიზეზებს შორის, ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვალუტის კურსს და რუსეთში ხორბლის ფასების ზრდას ასახელებს.