საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) საცალო სარეალიზაციო ბაზარზე განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საკითხი ეხება - „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ „იბერია სერვისის“ საკუთრებაში არსებულ ავტოგასამართ სადგურზე კონტროლის მოპოვებას (იჯარით აღება).
განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლის მიზნით, სააგენტომ კონკურენტული გარემო შეაფასა როგორც ქვეყნის, ასევე ლოკალურ - ქალაქ ბათუმის დონეზე.
უწყების მიერ, საკითხის შესწავლის პროცესში, შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა:
ქვეყნის დონეზე, საცალო ბაზრის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა - 1 322 225 ათასი ლიტრს; საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 506; საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 1232; ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი - 906; კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ - 913.
ქ. ბათუმში, საცალო ბაზრის მოცულობა 2021 წელს შეადგენდა - 130 320 ათასი ლიტრი; საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 37; საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 77; ბაზრის კონცენტრაციის (HHI) ინდექსი - 1117; კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ - 1140.
2021 წლის მონაცემებით, ხუთი მსხვილი კომპანიის წილი ბაზარზე 59%-მდეა, დარჩენილი 41% კი ბაზრის სხვა მოთამაშეებზე მოდის.
"დადგინდა, რომ როგორც ეროვნულ, ასევე ლოკალურ დონეზე შესაბამისი ბაზრის საცალო დონე დაბალკონცენტრირებულია და კონცენტრაციის შედეგად ადგილი არ აქვს ინდექსის არსებით ცვლილებას.
სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის საფასურია - 5000 ლარი.
მიმდინარე წელს, სააგენტომ 5 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 15 395 კონცენტრაცია განხორციელდა", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.




























