კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებები გაეზრდება. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება ევროკავშირთან ერთად უკვე მომზადებულია. დეტალების შესახებ bm.ge-ს თავად კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ესაუბრა. როგორც ნოდარ ხადური ამბობს, ბიზნესის წარმოამდგენლები ვალდებული იქნებიან კონკურენციის სააგენტოს მიაწოდონ გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც დღეს სავალდებულო არ არის, ამასთან, სააგენტოში გადაწყვეტილება მიღებული იქნება კომისიური წესით და არა ერთპიროვნულად, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ.
„საქართველოში კონკურენციის პოლიტიკას არ იცავს მხოლოდ კონკურენციის სააგენტო. ეს არის ეროვნული ბანკი საბანკო სფეროში, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიები და ევროპელი კოლეგების მოსაზრებაა, რომ ინსტიტუციური მოწყობის თვალსაზრისით ოთხივე ორგანო უნდა იყოს ერთნაირი ინსტიტუციური მოწყობის. ერთი განსხვავება იქნება, რომ კონკურენციის სააგენტოს არ ექნება საკუთარი შემოსავალი და ის იქნება სახელმწიფო ბიუჯეტზე.
გადაწყვეტილებებს დღეს ერთპიროვნულად იღებს სააგენტოს თავმჯდომარე და მიღებული უნდა იყოს კომისიური წესით, კომისიის წევრების მიერ.
ამასთან, ფუნქციების ზრდასთან ერთად ბიზნესსუბიექტები ვალდებული უნდა იყვნენ, რომ ინფორმაცია მოგვაწოდონ“,- აცხადებს ნოდარ ხადური.