მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტოში ადგილობრივი ინდუსტრიებისგან დემპინგზე განაცხადებს ივლისში ელიან

64a3ef766a452
თელარა გელანტია
05.07.23 09:33
548
საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში ადგილობრივი ინდუსტრიისგან დემპინგის შესახებ განაცხადებს ელიან.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, რომ დემპინგის შესახებ განაცხადებს მიმდინარე თვეში, ივლისში ელიან, მაგრამ ინდუსტრიების დასახელებისგან თავი შეიკავა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ დემპინგთან დაკავშირებული განაცხადები კონკურენციის სააგენტოში მინერალური სასუქების, ფოლადის არმატურის და ფრინველის კვერცხის ადგილობრივ ინდუსტრიებისგან შევა, ვინაიდან სწორედ ამ სექტორებს შეეხებოდა ირაკლი ლექვინაძის უწყების მიერ შარშან წარმოებული შიდა სექტორული მონიტორინგები.

ამასთან, სააგენტოს თავმჯდომარის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე კონკურენციის სააგენტოს დემპინგის საკითხზე მოკვლევა არ დაუწყია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონი ქმედითი არაა.

„თუ „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ მიღებული საქართველოს კანონი არაქმედითად იმიტომ ფასდება, რომ რთულია მტკიცებულებების მოტანა, ეს ასეც უნდა იყოს. ეს არაა ქართული პრაქტიკა, ესაა საერთაშორისო პრაქტიკა და ადგილობრივი ინდუსტრია, რომელიც ფიქრობს, რომ ბაზარზე ადგილი აქვს დემპინგს და ამის შედეგად ადგება ზიანი, მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. 2020 წელს, როცა ჩვენ ეს კანონი მივიღეთ, გათვალისწინებული იქნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპები.

ვფიქრობ, ეს კანონი ქმედითი იმითაც არის, რომ რომ ძალიან ბევრ საკითხს გაუკეთა პრევენცია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ქეისი არ გვაქვს, ძალიან აქტიური კომუნიკაციაა ადგილობრივ ინდუსტრიებთან და ძალიან ბევრისგან გვსმენია, მათ შორის კრიტიკული სექტორებისგან, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ, ის საფასო თემატიკა, რომელიც მათ უქმნიდა პრობლემას, გასწორდა და ამას შეგვიძლია პრევენცია დავარქვათ“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

საქართველოს კონკურენციის სააგენტო 2021 წლის 1-ელი ივნისიდან უფლებამოსილია, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულება უზრუნველყოს, თუმცა იმისთვის, რომ კონკურენციის სააგენტოში დემპინგურ იმპორტზე განაცხადი დაფიქსირდეს, კომპანიამ დემპინგური იმპორტი ფაქტებით უნდა დაასაბუთოს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის, სააგენტოში დემპინგთან დაკავშირებით არცერთი განაცხადი არ შესულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები