6 თვეში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 407 განაცხადი შევიდა - ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 84 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი დადასტურდა.
- GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 21 მოვაჭრეს - 28 საქმეზე ჯამში - 19, 912 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 77 საქმეზე - 67 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
"მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 88%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 3%, რომელსაც მოჰყვება იმერეთი და სხვა რეგიონები.
მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე ფიქსირდება 132, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 124, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 70, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 21, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 19, ხოლო სხვა დანარჩენი 41.
საანგარიშო პერიოდში, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს; ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს; ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%; ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს", - წერს სააგენტო.