საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. სააგენტოს უფროსის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქმე ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამას უკავშირდება, სადაც თითოეულ დაჯარიმებულ კომპანიას იდენტური ფასები ჰქონდა დაფიქსირებული. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯარიმები 4 კომპანიას შეეხება: ავერსი: 14,402,425 ლარი; გეფა - ჯიპისი ფარმადეპო: 20,349,336 ლარი; პსპ: 17,094,872 ლარი; მერმისი: 951,301 ლარი. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ კომპანიებმა 2021-2023 წლებში სახელმწიფო ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული წამლების მიწოდებისთვის წარადგინეს თეთრების სიზუსტით ანალოგიური ფასი, რაც კომპანიებს შორის შეთანხმებულ მოქმედებაზე მეტყველებს. ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმების მიზეზების შესახებ ისაუბრა კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის ჯგუფის უფროსმა გიორგი ქედელიძემ. მისი თქმით, ამ ჯარიმას კომპანიებისთვის პრევენციული სახე უნდა ჰქონდეს.