საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტომ რითეილერებსა და იმპორტიორ-სადისტრიბუციო კომპანიების მიმართულებით მეტად ეფექტიანად უნდა იმუშაოს. ამის შესახებ მან „ფასების საპარლამენტო კომისიაზე“ სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
დეპუტატმა სადისტრიბუციო კომპანიებისა და რიტეილის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არათანაბარი კონკურენცია არსებობს, რისი რეგულირებაც სააგენტომ (GCCA-მ ) უნდა უზრუნველყოს.
„აქ სათავე კონკურენციაა, რომელიც იმ სააგენტომ თუ უწყებამ უნდა შექმნას, რომელიც არსებობს და უნდა იყოს ეფექტური. რეალურად გამოდის, რომ კონკურენციის სააგენტომ მეტად ეფექტიანად უნდა იმუშაოს, თუ საჭიროა კანონმდებლობაში ცვლილება უნდა შევიტანოთ, თუ არადა რაც აქვს ეს ეფექტი უნდა იყოს. რეალურად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ უფრო და უფრო ნაკლები ჯანსაღი კონკურენცია ჩანს, რაც თავისთავად ფასების დარეგულირებას უშლის ხელს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, რამდენად არსებობს თავისუფალი კონკურენცია იმ პირობებში, როდესაც მსხვილი სავაჭრო ქსელები მომწოდებლებს სხვა ობიექტებში პროდუქციის უფრო დაბალ ფასად შეტანას უზღუდავენ. მაჭარაშვილის თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლება ეწოდოს კონკურენცია გარემოს, სადაც მწარმოებელსა და იმპორტიორს მსგავსი ხელშეკრულებები უფორმდება.
„ფაქტია, რომ საზღვარზე მოსული პროდუქცია რა ფასიც არის დახლზე რომ ხვდება 80-90%-ით მეტი ღირს. კომისია იმიტომ არის შეკრებილი, რომ ვნახოთ სად არის შესაძლებელი ფასების რეგულაცია. კონკურენცია რომ ფასების ამცირებს ეს ვიცით, მაგრამ კონკურენცია როგორ შეიძლება ეწოდოს იმას რასაც მწარმოებლები და იმპორტიორები საუბრობთ. კონკურენციაში როგორ შეიძლება იყოს ტრადიციული მაღაზია, როცა მაგალითად ქსელი გიკრძალავს, რომ თუ ამაზე დაბალ ფასად სხვაგან შეიტან ჩემთან ურთიერთობა არ გექნებათ. ამ შემთხვევაში არის თუ არა სხვა ქსელები, ვისთანაც მიხვალთ - უნდა აგვიხსნათ და დაგვეხმაროთ. თქვენ როგორც ბიზნესმენი თავისუფალი კონკურენციის პირობებში ხართ ? ეს პირობა რომ არ იყოს ამ ქსელებიდან თქვენ ტრადიციულ მაღაზიებს შედარებით დაბალ ფასში ხომ მისცემდით?“, - ჰკითხა გურამ მაჭარაშვილმა Ferrero-ს პროდუქტების იმპორტიორ და დისტრიბუტორ კომპანია „ბიდი კომპანის“ დირექტორს დიმიტრი მესხიშვილს, რომელმაც უპასუხა რომ კომპანიის ოპერირების განმავლობაში მათ პროდუქტზე ყოველთვის ერთი ფასი იყო როგორც ქსელური, ასევე არაქსელური მარკეტებისთვის, თუმცა მისივე თქმით, კომპანიას არაქსელური მაღაზიებიდან მცირედით მეტი შემოსავალი რჩება.
„ბიდი კომპანის“ ხელმძღვანელმა ასევე გაიზიარა გურამ მაჭარაშვილის შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ბაზრის დიდ ნაწილს 3-4 კომპანია ფლობს, მაშინ გარკვეული დოზით სწორედ ეს კომპანიები არეგულირებენ ფასებს. სწორედ აქედან გამომდინარე განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, რომ კონკურენციის სააგენტომ მეტად ეფექტიანად უნდა იმუშაოს.
საკითხთან დაკავშირების კომისიის სხდომაზე თავისი პოზიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმაც დააფიქსირა, რომელიც ამავე დროს „ფასების საპარლამენტო კომისიის“ თავმდჯომარეა და განმარტა: „გეთანხმებით, თუმცა აქ ორი ელემენტია - ორი სახის ურთიერთობაა - ვერტიკალური და ჰორიზონტალური. ქსელებს შორის კონკურენცია არსებობს, თუმცა ვერტიკალში არის ასიმეტრიული ურთიერთობა, სადაც ქვედა რგოლის წევრს არ აქვს შესაბამისი მოლაპარაკებების ძალა. ამ ნაწილში გეთანხმებით, რომ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო უნდა მივიღოთ, რომ ეს ურთიერთობა დაბალანსდეს“.




























