კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა შპს „ისურვე“ 115 396 ლარით დააჯარიმა. უწყების ცნობით, კომპანიამ დადგენილ ვადაში არ შეასრულა სააგენტოს გადაწყვეტილება, რომელიც მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენას ავალდებულებდა.
სააგენტომ „ისურვეს“ მიერ უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი 78 მომხმარებლის განცხადების შესწავლის საფუძველზე დაადგინა. უწყების მოთხოვნით, მოვაჭრეს ერთი თვის ვადაში უნდა აღედგინა მომხმარებელთა უფლებები (მათ შორის, მოეწესრიგებინა საქონლის მიწოდების ვადები) და საკუთარი სავაჭრო პოლიტიკა კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა, რაც კომპანიამ არ შეასრულა.
კანონმდებლობის მიხედვით, თუ მოვაჭრე სააგენტოს გადაწყვეტილებას დროულად ან ჯეროვნად არ შეასრულებს, მას ეკისრება ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს.
„ჯარიმის დაკისრებისას, სააგენტომ გაითვალისწინა კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, კერძოდ - დარღვევის მასშტაბი, განზრახულობა, სიმძიმე, ხანგრძლივობა და მისი სისტემური ხასიათი“, - აცხადებენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.
GCCA-ში ასევე განმარტავენ, რომ ფინანსური სანქციის დაკისრება „ისურვეს“ სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან მაინც არ ათავისუფლებს და კომპანიას დარღვევების გამოსწორება მაინც მოუწევს.




























