მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ სამედიცინო სექტორში დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამედიცინო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების სექტორში დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საკითხი ეხება - შპს „ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანიის“ მიერ შპს „მედკაპიტალში“ შპს „პსპ ფარმას“ 50%-იანი წილის შესყიდვას.

კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლის მიზნით, სააგენტომ კონკურენტული გარემო შეაფასა ცალ-ცალკე - სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების ბაზრებზე. კერძოდ, 2022 წელს, ქვეყანაში  192 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება მოქმედებდა, საწოლ ფონდის მოცულობა შეადგენდა 18 158 საწოლს, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI)-196.96, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად HHI ინდექსია -64.14.

ამბულატორიული ბაზარი სააგენტომ შეაფასა 2022 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებების (ამბულატორია, სტაციონარი, სტაციონარ-ამბულატორია) და შესაბამისად ანაზღაურებული თანხების მიხედვით. აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია 148 ამბულატორიული დაწესებულება (ფილიალების ჩათვლით), რომელთა ოპერირებას  70 ეკონომიკური აგენტი ახორციელებს. ბაზრის მოცულობამ შეადგინა 107 651 299 ლარი. ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსი HHI=1629.74, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსი იზრდება - ∆HHI=2.51 ერთეულით 1632.25 ერთეულამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ დაადგინა, რომ შპს „ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანიასა“ და შპს „მედკაპიტალს“ შორის დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

2023 წლის 6 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 12 119  კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. 2023 წლის იანვრიდან დღემდე, სააგენტომ 5 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები