შპს "ბი ემ ესი" შპს „ევროლაინის“, ანუ სუპერმარკეტების ქსელ "ჯორჯიტას" 67%-ს წილს ყიდულობს. შესაბამის კონცენტრაციაზე თანხმობა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) უკვე გასცა.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ 2024 წელს FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას 7 000-ზე მეტი ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა. "ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 690.98 ერთეულს. დისტრიბუციის დონეზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 85 კომპანია. კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=457. ბაზრის ორივე დონე დაბალკონცენტრირებულია", - წერია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ GCCA-ის მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრების სტრუქტურისა და კონცენტრაციის მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით, კონცენტრაცია ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანია "ბი ემ ესი" ჰიგიენური საშუალებების დისტრიბუციის საქმიანობით არის დაკავებული. კომპანიას 2023 წელს 59 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა. მას ბიზნესმენები თეიმურაზ კოკაია და გიორგი გორდაძე ფლობენ. რაც შეეხება "ჯორჯიტას", კომპანიას 2023 წელს 4.6 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა. მისი მფლობელია სააქციო საზოგადოება "გეფა", ანუ ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელების მფლობელი ჰოლდინგი, რომელიც თავის მხრივ "საქართველოს კაპიტალის" ჰოლდინგის შემადგენლობაშია.
ცნობისთვის, GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
აღსანიშნავია, რომ GCCA-ის მიერ 2024 წელს განხორციელებული 52 593 კონცენტრაცია გადამოწმდა. სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციებთან დაკავშირებით 14 საქმეზე შესაბამის პირებს ჯამურად - 288,400.02 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ, 18 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. რაც შეეხება 2025 წელს, GCCA-იმ თანხმობა გასცა 2 კონცენტრაციაზე, ხოლო 3 კონცენტრაციასთან დაკავშირებით წარმოება მიმდინარე რეჟიმშია.
შპს "ბი ემ ესის" და შპს „ევროლაინის“ გარიგების შესახებ მეტი დეტალის გასაგებად, BM.GE კომპანიებთან ცდილობს დაკავშირებას.

























