მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკურენციის სააგენტოს დასკვნას არ ვეთანხმებით, ამიტომაც ვდავობთ - "ავერსი რაციონალი"

მალხაზ კურტანიძე

"ავერსი რაციონალის" გენერალური დირექორის მალხაზ კურტანიძის განცხადებით, კომპანია კონკურენციის სააგენტოს დასკვნას ჯგუფის მონოპოლიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არ ეთანხმება და ამიტომ ამ დასკვნას სასამართლოში ასაჩივრებს.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, „ავერსი“ ჯგუფის დომინანტური მდგომარეობისა და ე.წ. „ვერტიკალური ინტეგრაციის“ საკითხზე პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ქეთევან ბაკარიძემ, კონკურენციის სააგენტოს დასკვნებზე დაყრდნობით დასვა კითხვა.

დეპუტატის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ერთი ჯგუფი ფლობს საწარმოს, სადისტრიბუციო ქსელს, აფთიაქებს, კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიას, ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება.

ქეთევან ბაკარიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ „ავერსის“ კლინიკებში პრიორიტეტი სწორედ საკუთარ წარმოებას „ავერსი რაციონალს“ ენიჭება, რაც თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს.

„მე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ ინფორმაცია, რომ თქვენი ქსელის ექიმები ცალსახად თქვენს წარმოებულ პრეპარატებს უნიშნავენ, ეს დანიშნულების ფურცლებიც შეიძლება მარტივად დადასტურდეს. თქვენ გაქვთ სადაზღვევო, სადისტრიბუციო, სააფთიაქო ქსელი, ხართ იმპორტიორი და მწარმოებელი. რასაც კონკურენციის სააგენტო ვერტიკალურ ინტეგრაციას უწოდებს და ხშირად მოგიხსენებთ, როგორც მონოპოლისტს. მაინტერესებს, ბაზრის რა პროცენტს ფლობთ და იღებთ თუ არა მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში?“ - მიმართა დეპუტატმა კომპანიის წარმომადგენელს.

„ავერსი რაციონალის“ გენერალურმა დირექტორმა, მალხაზ კურტანიძემ, ბრალდებებს ჯგუფის შიდა იურიდიული დამოუკიდებლობის არგუმენტით უპასუხა. მისი მტკიცებით, ჰოლდინგის წევრობა არ ნიშნავს გარანტირებულ გაყიდვებს და კლინიკები დამოუკიდებელი ინტერესებით მოქმედებენ.

„მე "ავერსი ფარმას" სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ [კონკურენციის სააგენტოს დასკვნა "ავერსის" დომინანტობის შესახებ] ეს საკითხი სასამართლოშია და იქ გადაწყდება, რამდენად არის ჯგუფი მონოპოლისტი. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ დასკვნას, ამიტომაც არის დავა სასამართლოში. რომ ვეთანხმებოდეთ, ეს საქმე სასამართლოში არ იქნებოდა“, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება ექიმების მიერ საკუთარი პრეპარატების დანიშვნას, კურტანიძე აცხადებს, რომ „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში „რაციონალის“ მედიკამენტების წილი მხოლოდ 10–11%-ია. მისი თქმით, „ავერსის“ კლინიკებში არავინ არის ვალდებული გამოიყენოს მათი პროდუქცია, თუ ის კონკურენტუნარიანი არ არის.

დეპუტატის კითხვაზე სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით, კურტანიძემ განმარტა, რომ უშუალოდ მწარმოებელი ქარხანა („ავერსი რაციონალი“) ტენდერებში დამოუკიდებლად ვერ მონაწილეობს, რადგან სახელმწიფო დიდ ლოტებს ითხოვს.

„ტენდერებში პირდაპირ "ავერსი რაციონალი" არ იღებს და ვერ იღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ სატენდერო სიაში არის მრავალი მედიკამენტის ჩამონათვალი. პრიორიტეტი ენიჭება იმ კომპანიას, რომელიც უფრო მეტი დასახელების მედიკამენტს სთავაზობს ტენდერის გამომცხადებელს. ამიტომ, ჩვენი წამლებით ტენდერებში მონაწილეობას იღებს "ავერსი ფარმა", სადაც წარმოდგენილია არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა მრავალი დასახელებაც. "ავერსი რაციონალი" ცალკე რომ მონაწილეობდეს, ყოველთვის წამგებიან პოზიციაში იქნება“, - განაცხადა მალხაზ კურტანიძემ.

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რასაც მსხვილი კომპანიების დაჯარიმება და რეკომენდაციები მოჰყვა. „ავერსი“ და ბაზრის სხვა მსხვილი მოთამაშეები სააგენტოს გადაწყვეტილებებს სასამართლოში წლებია ასაჩივრებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები