ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა დღეს კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელა. ცვლილების პროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარტია ქართული ოცნების წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა წარადგინა.
ცვლილების თანახმად, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს მენეჯმენტის სტრუქტურა, რომელსაც 2025 წლის 1 იანვრიდან 5 წლის ვადით არჩეული 5-წევრიანი საბჭო უნდა დამატებოდა, 2027 წლის 1 იანვრამდე გადავადდება.
ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს ტიპის მოწყობაზე გადასვლის მიზნით, მიზანშეწონილია უკეთ იქნას გაანალიზებული მსგავსი მოდელის აღმასრულებელი უწყებების პრაქტიკა საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად, ასევე გაიმართოს შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. შესაბამისად, მიზანშეწონილია, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა გადაიწიოს 2027 წლის პირველ იანვრამდე, რათა გატარდეს ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები.
კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.