ისეთი ხელშეკრულების დადებისთვის, რომლითაც ხდება კომპანიაზე კონტროლის მოპოვება („გარიგება“), შესაძლოა სავალდებულო იყოს კონკურენციის სააგენტოს თანხმობა. კონკურენციის სააგენტო ამოწმებს, დაგეგმილი გარიგება არსებითად ხომ არ ზღუდავს კონკურენციას.
ბოლო 5 წლის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტოს მიერ განხილული შეტყობინებების სტატისტიკა აჩვენებს, რომ კონკურენციის სააგენტოს თანხმობაზე დამოკიდებული გარიგებების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა:

დაგეგმილი გარიგების თაობაზე კონკურენციის სააგენტოსათვის წინასწარ შეუტყობინებლობა ისჯება წინა წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობის ჯარიმით. შეტყობინების გარეშე განხორციელებული გარიგებების გამოვლენის მიზნით, კონკურენციის სააგენტო მონიტორინგს ახორციელებს და ინფორმაციას იღებს საჯარო რეესტრიდან და შემოსავლების სამსახურიდან. 2021-2025 წლებში, კონკურენციის სააგენტოსათვის შეტყობინების გარეშე განხორციელებული გარიგებების გამო დაკისრებული ჯარიმების ოდენობა ნახევარ მილიონ ლარს აღემატება.
მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმის დაკისრება არ ათავისუფლებს კონკურენციის სააგენტოსათვის მიმართვისა და მისი თანხმობის მოპოვების ვალდებულებისაგან. თუ, კონკურენციის სააგენტო დაუშვებლად მიიჩნევს მისი გვერდის ავლით უკვე განხორციელებულ გარიგებას, მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს მის გაუქმებას - ანუ თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას.
გასათვალისწინებელია, რომ თუ გარიგების მონაწილე ყველა მხარე ეკონომიკის ერთი რეგულირებადი სფეროს წარმომადგენელია, შეტყობინება უნდა წარედგინოს ამ სფეროს მარეგულირებელ ორგანოს. ქვემოთ განხილულია მხოლოდ კონკურენციის სააგენტოსათვის დაქვემდებარებულ შეტყობინებასთან დაკავშირებული საკითხები.
როგორ უნდა შევაფასოთ, არის თუ არა სავალდებულო გარიგების შესახებ კონკურენციის სააგენტოსათვის შეტყობინება?
შეტყობინების ვალდებულება სტანდარტულად წარმოიშობა, თუ გარიგება აკმაყოფილებს ორ კრიტერიუმს: (1) კონტროლის მოპოვება და (2) ბრუნვის ზღვარი.
- (1) კონტროლის მოპოვება
თუ გარიგების შედეგად კომპანიაზე არსებითი გავლენა მოიპოვება, სახეზეა კონტროლი.
- წილის შეძენა
50%-იანი ან მეტი წილის შეძენა, როგორც წესი, ნიშნავს არსებითი გავლენის მოიპოვებას. ამ მხრივ, გავლენის რეალური განხორციელება აუცილებელი არ არის – საკმარისია მისი შესაძლებლობა დოკუმენტურად დასტურდებოდეს, მაგალითად, თუ წესდების ან/და პარტნიორთა შეთანხმების თანახმად, პარტნიორს აქვს სტრატეგიული კომერციული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა (პოზიტიური კონტროლი) ან ასეთ გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება (ნეგატიური კონტროლი).
პრაქტიკაში, კონკურენციის სააგენტოს მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეში, 30%-იანი წილის შეძენა ჩაითვალა კონტროლის მოპოვებად იმ გარემოებებში, როდესაც 30%-იანი წილის შემძენი ხდებოდა ყველაზე მსხვილი მეწილე. თუ რატომ ჩაითვალა ცალკეულად ეს გარემოება კონტროლის მოპოვებად, გადაწყვეტილებაში არ არის გავრცობილი.
გასათვალისწინებელია, რომ პირმა კონტროლი შეიძლება პასიურადაც მოიპოვოს. მაგალითად, მემკვიდრეობით წილის მიღება, კომპანიიდან აქციონერის გასვლა ან გარიცხვა. აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტოს პრაქტიკაში ასეთი საქმე ჯერ არ ყოფილა განხილული და საინტერესოა ამ მიმართულებით პრაქტიკის განვითარება.
- აქტივებზე უფლების მოპოვება
აქტივების შეძენა კონტროლის მოპოვებად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ეს აქტივები შეადგენს მთლიან ბიზნესს ან მის ისეთ ნაწილს, რომელსაც საწარმოს შემოსავალში თავისი წილი მიეკუთვნება. აქტივების საშუალებით კონტროლის მოპოვება შესაძლებელია როგორც მატერიალური ან არამატერიალური აქტივების შეძენით, ისე გამოყენების უფლებით, მაგალითად - იჯარა. კონკურენციის სააგენტომ აქტივების შეძენისა და იჯარის შესახებ რამდენიმე შეტყობინება განიხილა.
ევროკომისიამ ერთ-ერთ საქმეში განიხილა არამატერიალური აქტივების შეძენის ისეთი შემთხვევა, სადაც Novartis AG-მ შეიძინა GlaxoSmithKline PLC-ის აქტივები - ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტების პორტფელი. პორტფელი შედგებოდა ბაზარზე არსებული 10 პროდუქტისა და 2 განვითარების ეტაპზე მყოფი პროდუქტისაგან. პორტფელის შეძენა გულისხმობდა უფლებების, ლიცენზიების, მარკეტინგული ნებართვებისა და თანამშრომლების გადაცემას, რომლებიც აუცილებელი იყო ფარმაცევტული პროდუქტების კომერციალიზაციისა და განვითარებისათვის. ევროკომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარიგება ექვემდებარებოდა სავალდებულო შეტყობინებას.
- ერთობლივი საწარმოს შექმნა
ერთობლივი საწარმოს შექმნა ასევე ექვემდებარება კონკურენციის სააგენტოსათვის შეტყობინებას. აღნიშნულში მოიაზრება არამარტო ერთობლივად კომპანიის დაფუძნება (მაგალითად: შპს, სს), არამედ, როგორც წესი, ასევე ამხანაგობის (ერთობლივი საქმიანობის, ე.წ. „Joint Venture”) შესახებ ხელშეკრულების დადებაც.
ამხანაგობის ფორმით ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეტყობინება კონკურენციის სააგენტოს ჯერ არ აქვს განხილული. თუმცა, ქართულ პრაქტიკაში ყოფილა ერთობლივად კომპანიის დაფუძნების რამდენიმე ისეთი შემთხვევა, რომელიც კონკურენციის სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა და მხარეთა დაჯარიმება გამოიწვია.
- (2) ბრუნვა
კონკურენციის სააგენტოსათვის შეტყობინების ვალდებულება წარმოიშობა, თუ გარიგების განხორციელების წინა წელს გარიგების მონაწილე პირების ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგია:
- ჯამური ბრუნვა > 20 მილიონი ლარი; და
- თითოეულის ბრუნვა > 5 მილიონი ლარი.
წილის შეძენის შემთხვევაში, გარიგების მონაწილე პირები არიან წილის შემძენი და სამიზნე კომპანია.

თუ კომპანია X კომპანია Z-სგან ყიდულობს კომპანია Y-ის 60%-იან წილს, კონკურენციის სააგენტოსათვის შეტყობინების ვალდებულების შესაფასებლად მნიშვნელოვანია კომპანია X-ის და კომპანია Y-ის ბრუნვები.
რა ეტაპზე უნდა ვაცნობოთ კონკურენციის სააგენტოს გარიგების შესახებ?
კონკურენციის სააგენტოს შეტყობინება უნდა წარედგინოს გარიგების ძალაში შესვლამდე ან/და ფაქტობრივ განხორციელებამდე (მათ შორის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე). შეტყობინების შემდეგ, გარიგების განხორციელება დაუშვებელია კონკურენციის სააგენტოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე.
საჯარო რეესტრში კომპანიის წილის მესაკუთრედ რეგისტრაცია ცალსახად აკრძალულია კონკურენციის სააგენტოს შეტყობინებისა და მისი დადებითი გადაწყვეტილების გარეშე. თუმცა, რა შეიძლება ჩაითვალოს ფაქტობრივ განხორციელებად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება შესაფასებელი. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ განმარტა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შემძენს კომპანიაზე არსებითი გავლენის უფლებას ანიჭებს შეიძლება ჩაითვალოს ფაქტობრივ განხორციელებად.
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში მხარეებმა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იქამდე, ვიდრე ევროკომისიას მიმართავდნენ გარიგებაზე დადებითი პასუხის მისაღებად. ამასთან, წილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გარიგების დასრულება დამოკიდებული იყო ევროკომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაზე.
ევროკომისიამ გარიგების საკითხი დადებითად გადაწყვიტა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ შემძენს უკვე მოპოვებული ჰქონდა არსებითი გავლენა, როგორც ევროკომისიისათვის შეტყობინებამდე, ისე საქმის განხილვის დასრულებამდე, შემდეგი საშუალებებით:
- წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობებით (როგორიცაა ვეტოს უფლება ან შემძენის თანხმობის საჭიროება სამიზნე კომპანიის მნიშვნელოვან ბიზნეს გადაწყვეტილებებზე).
- ფაქტობრივი ჩარევა სამიზნე კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში (შვიდი კონკრეტული შემთხვევა).
- ხელშეკრულების მხარეებს შორის ისეთი კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლა, რაც ხელს უწყობდა შემძენს სამიზნე კომპანიაზე ფაქტობრივი კონტროლის განხორციელებაში.
კომპანია დაჯარიმდა ორი სახის დარღვევის გამო - ფაქტობრივი კონტროლის განხორციელება (1) ევროკომისიისადმი მიმართვამდე და (2) ევროკომისიის მიერ განხილვის დასრულებამდე. გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ECJ-მ განმარტა, რომ ორივე ქმედება დამოუკიდებელ დარღვევას წარმოადგენს და დამოუკიდებლად ექვემდებარება დაჯარიმებას.
ვისი პასუხისმგებლობაა კონკურენციის სააგენტოსათვის შეტყობინება?
შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება:
(1) შემძენ ან/და კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს;
(2) შერწყმის/გაერთიანებისა და ერთობლივი საწარმოს შექმნის შემთხვევაში – გარიგების ყველა მონაწილეს, ერთობლივად.
მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის სააგენტოსათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრებათ ფიზიკურ პირებსაც, იმ შემთხვევაში, თუ:
- ფიზიკური პირი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას; ან
- აკონტროლებს ისეთ იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.
ქართულ პრაქტიკაში, კონკურენციის სააგენტოს არაერთი საქმე აქვს განხილული, როდესაც ფიზიკურმა პირებმა დაარღვიეს გარიგების განხორციელებამდე კონკურენციის სააგენტოსათვის შეტყობინების ვალდებულება.
რა ვადაში იხილავს კონკურენციის სააგენტო შეტყობინებას?
დაგეგმილი გარიგების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ კონკურენციის სააგენტო პირველ რიგში ამოწმებს, გარიგება ექცევა თუ არა მისი კომპეტენციის ფარგლებში. თუ დაგეგმილი გარიგების შეფასება არის კონკურენციის სააგენტოს კომპეტენცია, კონკურენციის სააგენტო შეტყობინების განხილვას იწყებს შესაბამისი საფასურის, 5000 ლარის გადახდის შემდეგ.
კონკურენციის სააგენტო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს მიღებული შეტყობინების შესახებ ინფორმაციას, სადაც ასევე საჯაროა გარიგების მხარეების ვინაობა. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, რომ დაგეგმილი გარიგების თაობაზე წარადგინონ შესაბამისი მოსაზრებები.
შეტყობინების განხილვის ვადა არის 25 სამუშაო დღე და ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 90 კალენდარული დღით.
თეონა ჟიჟიაშვილი
PwC საქართველო, იურიდიული პრაქტიკის მენეჯერი
ტელ: +995 598 333 073




























