მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის შესაზღუდად იდეალური ნიადაგი იქნება- რა რისკებს ხედავს TI ვენახების გაშენების ახალ წესებში?

სს

"იმდენად ფართო დისკრეცია არის მიცემული სამინისტროსთვის და იმდენად ზოგადია ჩარჩო, რომ რჩება სამინისტროს მხრიდან თვითნებობის ძალიან დიდი სივრცე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები კორუფციულ რისკებს ზრდის.

კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით უკვე მიღებულია, რამდენიმე მიმართულებით ცვლილებებს გულისხმობს. თუ დღეს სამეწარმეო ვენახის გაშენება თავისუფალია და სავალდებულოა მხოლოდ „ნებადართული ვაზის ჯიშების“ გამოყენება. ახალი რედაქციით, ჯიშის დაცვა საკმარისი არ არის, საჭიროა სააგენტოს ნებართვაც. ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა/ შეტყობინების ვალდებულება მცირე მარნებზე გავრცელდება, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის წარმოებისას 100% ყურძენი მკაცრად უნდა მოდიოდეს კონკრეტული ადგილწარმოშობის ზონიდან.

ორგანიზაციის მთავარი იურისტი განმარტავს, რომ კანონპროექტით მრავალი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი ღიად რჩება და ამასთან, კანონპროექტს არ ერთვის დასაბუთება რამდენად აუცილებელია კანონის ამგვარად გამკაცრება.

“როდესაც ანტიკორუფციული და კორუფციული რისკების თვალსაზრისით ვაფასებდით ამ კანონპროექტს, არ ვაფასებდით იმას, თუ რამდენად სწორია ზოგადად ნებართვის არსებობა. პირველ რიგში, ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის, თუ რა ფორმით არის კანონპროექტში გაწერილი ეს ნებართვის გაცემის საკითხი. ძალიან მოკლედ რომ აღვწერო: კანონის მიღების შემდეგ, ღვინის მწარმოებელი, რომელიც გასაყიდად აწარმოებს ღვინოს, ვენახს ვეღარ გააშენებს, თუ არ აიღებს ნებართვას სახელმწიფოსგან. როგორ უნდა აიღოს ეს ნებართვა? რამდენ ხანში უნდა აიღოს? რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს? როგორ უნდა მოიყვანოს თავისი წარმოება შესაბამისობაში ამ ნებართვასთან? თუ უარი უთხრეს ნებართვაზე, რა შეუძლია გააკეთოს? სად შეიძლება გაასაჩივროს? ამ კითხვებზე არაფერი ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რასაც ამბობს კანონი – რომ მწარმოებელს ნებართვა ესაჭიროება. დანარჩენი განისაზღვრება სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. ეს არის ზუსტად ჩვენი კრიტიკის საფუძველი – იმდენად ფართო დისკრეცია არის მიცემული სამინისტროსთვის, იმდენად ზოგადია კანონი, რომ ა რჩება სამინისტროს მხრიდან თვითნებობის ძალიან დიდი სივრცე. არა მხოლოდ ახლა, მაგალითად, შესაძლოა პირველი ბრძანება სამართლიან წესებს შეიცავდეს, მაგრამ ეს საფრთხე დარჩება ყოველთვის, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, გაუარესდეს, დამატებითი ტვირთი შეუქმნას მწარმოებლებს მხოლოდ მინისტრის ბრძანებამ, რომელსაც არც დეტალური განხილვის ვალდებულება აქვს ბრძანების მიღებამდე და არც კონსულტაციების“, - განმარტავს გიგი ჩიხლაძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი იურისტი ამბობს, რომ ამ ბუნდოვანების გამო შესაძლოა, მიდგომის შერჩევითად გამოყენება მოხდეს, რაც კორუფციის რისკებს აჩენს.

„კონკურენციის შესაზღუდად იდეალური ნიადაგი იქნება. შეიძლება ბოროტად არ იქნეს გამოყენებული, მაგრამ კანონი ამის არანაირ გარანტიას არ იძლევა“, - მიუთითებს იურისტი.

მისი თქმით, კანონპროექტს არ ერთვის არგუმენტაცია რატომ არის საჭირო მიდგომების გამკაცრება. მათ შორის მცირე მარნებისთვის, რომლებსაც ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა/ შეტყობინების ვალდებულება ექნებათ.

„ესეც კონკურენციის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯი ხომ არ არის, სადაც მცირე მარნებს გაუჭირდებათ დიდ კომპანიებთან კონკურენცია დამატებითი ხარჯების გამო? ჩვენ ვერ ვხედავთ არგუმენტებს, სამაგიეროდ ვხედავთ ტვირთს და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის დამატებით მექანიზმს" - ამბობს გიგი ჩიხლაძე

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო ამ ცვლილებების საჭიროებად ღვინის ხარისხზე ზრუნვას ასახელებს. სააგენტოს ცნობით, ვენახის გაშენებაზე ნებართვის მიღებს დაახლოებით 100-მდე მეწარმეს დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები