მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის კანონმდებლობა აღსრულების მექანიზმებით ევროპულთან მნიშვნელოვნად დაახლოვდა - მინისტრის მოადგილე

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო წლებში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის კანონმდებლობა აღსრულების ეფექტიანი მექანიზმებით ევროპულთან მნიშვნელოვნად დაახლოვდა. ამის შესახებ გენადი არველაძემ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისას განაცხადა.

კონფერენცია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველო გადაიქცა ქვეყნად, რომელსაც შეუძლია, იამაყოს გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკით. გარდა ამისა, ამ კუთხით, საქართველო მოწინავეა სხვა კანდიდატ ქვეყნებს შორისაც.

„განსაკუთრებით ბოლო წლებში, ჩვენ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით არაერთი ახალი რეგულაცია მივიღეთ, რომლის შედეგადაც ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმებით ევროპულთან მნიშვნელოვნად დაახლოვდა. ეს პროგრესი აღინიშნა გაფართოების ანგარიშშიც,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მომხმარებელი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

„ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ისეთი ბაზარი, სადაც თითოეულ მომხმარებელს შეეძლება ძლიერი კონკურენციის შედეგად ისარგებლოს ხარისხიანი პროდუქტებითა და მომსახურებებით ხელმისაწვდომ ფასებში. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველო გადაიქცა იმ ქვეყნად, რომელსაც შეუძლია იამაყოს გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკით,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

კონფერენციის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ბიზნეს და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები