ინეტერესთა გამოხატვა, რომლითაც Black Sea Arena-ზე ზაფხულში ჩასატარებელი კონცერტების გრაფიკი უნდა განსაზღვრულიყო, ჩაიშალა. ამის შესახებ "საქმის კურსს" Black Sea Arena-ს დირექტორმა ანი კავლელიშვილმა განუცხადა. შედეგად, ამ დრომდე უცნობია, Aerosmith-ის გარდა რა ღონისძიებები ჩატარდება სახელმწიფო პროგრამა Check In Georgia-ს ფარგლებში.
ანი კავლელიშვილის თქმით, ინტერესთა გამოხატვაში რამდენიმე პრომოუტერმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა, მათ მიერ შემოთავაზებული წინადადებები კომისიამ არ მოიწონა. კავლელიშვილი განმარტავს, რომ ზოგიერთი მათგანი არამომგებიანი იყო, ზოგიერთი კი ტურისტულად გაუმართლებელი. მისივე თქმით, გადაწყდა, რომ პრომოუტერებს დამოუკიდებლად, სხვადასხვა პროექტზე ემუშავებიან და უახლოეს მომავალში ღონისძიებათა გრაფიკის შესახებ განაცხადებენ.
"როგორც იცით, Check in Georgia-ს ფარგლებში „ბლექ სი არენას ბაზაზე“ გამოცხადდა პარტნიორული შეთავაზება პრომოუტერებისთვის. ათამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტდა მარკეტერების, ბიზნესის წარმომადგენლების და ხელოვანი ადამიანებისგან,მხარი არცერთ შემოთავაზებას არ დაუჭირა. თუმცა ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ქართველ პრომოუტერებთან და ხელს ვუწყობთ საინტერესო პროექტების განხორციელებას. გარდა იმისა, რომ ჩვენი მიზანია გავახანგრძლივოთ ტურისტული სეზონი, შევქმნათ კარგი გარემო კურტულ ზონაში ასევე ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პრომოუტერებს და მივცეთ საშუალება ბლექ სი არენას უზარმაზარი რესურსის გამოყენების. რაც შეეხება ზაფხულის საკონცერტო პროგრამას, უახლოეს პერიოდში დავაანონსებთ საკონცერტო პროგრამას. ვფიქრობ საინტერესო და სასიამოვნო ზაფხული გველოდება. ვიმედოვნებთ, რომ მრავალფეროვანი ღონისძიებები მიმზიდველი იქნება ქართველ და უცხოელ დამსვენებლებისთვის",- აცხადებს ანი კავლელიშვილი.

























