ლეგენდარული შერეული საბრძოლო ხელოვანი კონორ მაკგრეგორი, შიშველი ხელებით მუშტი-კრივის ორგანიზაცია BKFC-ის თანამფლობელი გახდა. შეთანხმების ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ცხადია, რომ ირლანდიელს ამბასადორის როლი ექნება ორგანიზაციაში და ნაკლებად სავარაუდოა ის BKFC-ში მებრძოლის ამპლუაში ვიხილოთ.
კომპანიის დამაარსებელი დევიდ ფელდმენი მოხარულია, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მებრძოლი თავისი დაარსებული ორგანიზაციის ერთ-ერთი მფლობელი გახდა:
“ჩვენი ნემსი ძაფში იდეალურად გავიდა. ამ გარიგებით მრავალი ახალი ბაზრის ათვისების საშუალება მოგვეცემა. საბრძოლო სპორტის სახეობებში არ არსებობს ადამიანი ვინც კონორ მაკგრეგორის სახელი და გვარი არ იცის, ასე, რომ მისთვის მადლობის გარდა არაფერი მეთქმის. ჩვენ ერთად მწვერვალებზე ავალთ” - განაცხადა დევიდ ფელდმენმა.
სოციალური მედიის კომპანია Triller, რომელიც ახლახან გაერთიანდა ჰონკონგში დაფუძნებულ ფინანსურ კომპანია AGBA-სთან, 4 მილიარდი დოლარის გარიგებით, დარჩება BKFC-ის უმრავლესი წილის მფლობელად.
ცნობისთვის, მაკგრეგორი, რომლის ქონებაც 200 მილიონ დოლარადაა შეფასებული, სულ მალე ოქტაგონს UFC-ის რიგებში დაუბრუნდება. 30 ივნისს UFC 303-ზე გასამართ ღონისძიებაზე მისი მეტოქე ამერიკელი მაიკლ ჩენდლერი იქნება. ირლანდიელმა უკანასკნელად 2021 წელს UFC 264-ზე იჩხუბა და დასტინ პორიესთან დამარცხდა.