ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნებში გიორგი ვაჩნაძემ გაიმარჯვა. რეგისტრირებულმა კანდიდატმა აკადემიური საბჭოს წინაშე გუშინ კონსერვატორიის განვითარების გეგმა წარადგინა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრა ჩატარდა.
გიორგი ვაჩნაძე ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს.
კულტურის სამინისტროს ცნობით, გიორგი ვაჩნაძემ 1985 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1990 წელს სასწავლებლად გაემგზავრა აშშ-ში, ნიუ-იორკის მენეს-კოლეჯში (Mannes College of Music). 1994 წელს დაამთავრა ინდიანის უნივერსიტეტის მაგისტრატურა. ამჟამად გიორგი ვაჩნაძე არის ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორი. იგი კონცერტებს აშშ-ში, კანადაში, ნიდერლანდებში, იტალიაში, იაპონიაში, გერმანიაში, ტაივანში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში მართავს.
შეგახსენებთ, კონსერვატორიის ყოფილ რექტორს, ნანა შარიქაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 21 ოქტომბერს ამოეწურა. "ჩემს აზრზე კვლავაც ვრჩები, რომ აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა კვლავ გამოწვევად რჩება კონსერვატორიისთვის, როგორც არ უნდა შეიფუთოს ის. რეფორმა კი ნამდვილად გასატარებელია, ოღონდ სისტემაში და ურიგო არ იქნებოდა მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება", - დაწერა მაშინ ნანა შარიქაძემ სოციალურ ქსელში.