მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

5b5084173be24
BM.GE
19.07.18 16:27
1052
აბაშაში ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსური რეაბილიტაციისა და სამუზეუმო მოწყობის პროცესი დაიწყება.

სამუშაოების დაწყებამდე, მუნიციპალური თვითთმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, საპროექტო დოკუმენტაციას კომპანია „ივერთმშენი“ მოამზადებს, რასაც თავის მხრივ საფუძვლად დაედება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი კონცეფცია.

კომპლექსის მთავარი, თემატური საინტერპრეტაციო სივრცე თანამედროვე ტიპის ნაგებობაში მოეწყობა. საგამოფენო დარბაზი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ექსპონირებას დაეთმობა, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება კ. გამსახურდიას ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების, უშუალოდ მწერლის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმებისა და სხვა ელექტრონული მასალების ხილვა. ამავე სივრცეში სპეციალური ადგილი დაეთმობა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თემას, სადაც ვიზიტორებს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტირაჟირებულ ასლზე საკუთარი ხელმოწერის დატანისა და სამახსოვრო სუვენირად შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.

საზოგადოებრივ- კულტურული აქტივობების ზონაში ღია ცის ქვეშ არსებული სცენა, კულისებით რეკონსტრუირდება და სამომავლოდ სპექტაკლების, კონცერტების, საიუბილეო და სხვა მასობრივი ღონისძიებებისთვის გამოიყენება. ეთნოგრაფიულ ზონაში მეგრული კარ-მიდამო შესაბამისი ინტერიერებით მოეწყობა.

რეკონსტრუირდება ოდა სახლი ტიპური ჭერით, იატაკით, ბუხრით, აივნითა და კიბეებით. ასევე ხიდი, მარანი ხეში ამოთლილი საწნახელით და არსებული ნალიათი. მოეწყობა ჯარგვალი და წყლის წისქვილი მდ. ზანაზე.

მდ. ზანასნაპირზე მოეწყობა თევზისა და კიბორჩხალას საჭერი ფაცერები. კონცეფციის მიხედვით გათგვალისწინებული კიდევ ერთი სამუზეუმო ზონის მეშვეობით, რომლის სახელწოდებაა „ევროპისაკენ - დამოუკიდებლობით“, მუზეუმის ვიზიტორები კარიბჭიდან მიმავალი ცენტრალური ბილიკით კომპლექსის სიღრმეში გადაადგილდებიან.
სამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მემორიალური სტელა, რომელზეც ვერცხლზე ამოტვიფრული 1918 და 1991 წლების აქტები ჩამონტაჟდება. მუზეუმის თემატურ ზონებს გააერთიანებს ეზოს მცენარეული საფარი, რომელიც სპეციალური დიზაინით და ე.წ. „ინგლისური პარკის“ ელემენტებით კეთილმოეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები