ფინანსთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი კონსტიტუციის 94-ე მუხლს ბიზნესისთვის სტაბილურობის გარანტიას უწოდებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ მუხლმა მაინც გარდამავალ დებულებებში გადაინაცვლა.
ქუმსიშვილი „საქმის კურსთან“ საუბრისს ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ მთავარ დოკუმენტში მსგავსი ჩანაწერი სხვა ქვეყნებს არ აქვთ.
„94-ე მუხლი თავისი შინაარსით, ერთის მხრივ ბიზნესისთვის სტაბილურობის გარანტიაა, მაგრამ მეორეს მხრივ, მუხლის ფორმულირება იმდაგვარად იყო, რომ საბოლოო ჯამში, ამ სტაბილურობას განსაზღვრავდა ორგანული კანონი და ორგანულ კანონში ცვლილება როგორც შედის, იცით. მსოფლიოში არ არის კონსტიტუცია, სადაც აღნიშნული დათქმა იქნებოდა, ამიტომ იქნა მოძებნილი ის შუალედური გამოსავალი, რაც დღეს არის ასახული კონსტიტუციის დრაფტში“, - განმარტა მინისტრმა.
ქიმსიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს საინვესტიციო გარემო არ დაზარალდება და საქართველო თავისი საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკით მიმზიდველი იქნება.
„რეალურად უპირატესობა არის ბიზნეს და საინვესტიციო გარემო და გადასახადები. ეს არის ის კონკურენტული უპირატებისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია და ამ უპირტატესობის გაძლიერებას ვაპირებთ. ყველა მიმართულებით - საინვესტიციო, გინდაც გადასახადების კუთხით ჩვენ გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული ხედვა, რომ ქვეყანაში ვითარება წლიდან წლამდე უნდა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
რეპლიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესსექტორი კონსტიტუციის ამ მუხლის შინაარსის უცვლელად დატოვებას მოითხოვს, ვიცე-პრემიერმა უპასუხოდ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო, რომლის მიხედვით, 94-ე მუხლი გარდამავალ დებულებებში, 12 წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ეს მუხლი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება-გაზრდაზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს.

























