მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კონსტიტუციის 78-ე მუხლს" რეგისტრაცია კიდევ ერთხელ შეუჩერდა - პროფკავშირის განცხადება

კონსტიტუციის 78-ე მუხლი
14.06.25 13:38
1550

"საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი" აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა კიდევ ერთხელ შეუჩერა რეგისტრაცია.

საკითხზე პროფკავშირის თანათავმჯდომარეებმა ბრიფინგი გამართეს და რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს მოუწოდეს, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეისწავლონ წარდგენილი დოკუმენტები და განაახლონ სარეგისტრაციო წარმოება.

ამასთან, როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ორგანიზაციაში გარკვეული ცვლილებებია.

"საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს - კონსტიტუციის 78-ე მუხლს" კიდევ ერთხელ, სრულიად აბსურდული მიზეზით, შეუჩერა რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება იმის მანიშნებელია, რომ საჯარო მოსამსახურეთა ერთობას დიდი ძალა აქვს, რაც განსაკუთრებით აშინებთ უფლებათა დამრღვევებს.

ორგანიზაციის რეგისტრაციაზე ბოლო უარის საფუძველად საჯარო რეესტრის მხრიდან დასახელდა პროფესიული კავშირის სახელწოდება, რომელიც უწყების განმარტებით, სხვა იურიდიული პირების სახელწოდების მსგავს ტერმინებს შეიცავდა.

შესაბამისად, საჯარო რეესტრის მიერ განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი გადაწყვეტილებით, უმნიშვნელოდ შეიცვალა პროფესიული კავშირის სახელი და 2025 წლის 12 ივნისს რეესტრში წარდგენილ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ახალი სარეგისტრაციო დოკუმენტები, მათ შორის იმ იურიდიული პირის თანხმობა, რომლის სახელთან მსგავსებაზეც აპელირებდა საჯარო რეესტრი.

რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ მოსაზრებისგან, რომ საქმე გვაქვს რიგითი რეგისტრატორის შეცდომასთან. შესაბამისად, მივმართავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს და მოვუწოდებთ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეისწავლონ წარდგენილი დოკუმენტები და განაახლონ სარეგისტრაციო წარმოება. აქვე გვსურს, განვაცხადოთ, რომ პროფესიული კავშირის დაფუძნება და კავშირში გაწევრიანება წარმოადგენს საჯარო მოხელის კანონით დაცულ უფლებას, ამიტომ, ჩვენ არ შევწყვეტთ სამართლებრივ ბრძოლას კავშირის რეგისტრაციისთვის, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გარდა ორგანიზაციაში გვქონდა სხვა სახის გამოწვევებიც. ორგანიზაციის მართვის პრინციპებთან და სამომავლო სტრატეგიის ხედვასთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული მოსაზრებების გამო, რამდენიმე დამფუძნებელმა, საკუთარი გადაწყვეტილებით, დატოვა ორგანიზაცია. თუმცა, ორგანიზაციის ძველ ფეიჯზე, რომელზე წვდომაც თავიდანვე შეზღუდული გვქონდა ყველა დამფუძნებელს, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ძირითადმა შემადგენლობამ დატოვა პროფესიული კავშირი და დააფუძნა ახალი ორგანიზაცია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ დაუშვებელია ინსინუაციების მიზანმიმართულად გავრცელება, მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შესაძლოა რაიმე ფორმით დააზიანოს ორგანიზაციის რეპუტაცია. პატივს ვცემთ ჩვენი გუნდის ყოფილ წევრებს, ვმოქმედებთ ღიად და სამართლიანად, პროფესიული კავშირის ინტერესებისა და პრინციპების დაცვით.

ასევე მოგახსენებთ, რომ ორგანიზაციაში განხორციელდა გარკვეული ცვლილებები, დამფუძნებელთა ძირითად გუნდს შემოუერთდნენ პროფესიონალი და კვალიფიციური საჯარო მოსამსახურეები; პროფესიული კავშირის წარმომადგენლობას განახორციელებენ ახალი თანათავმჯდომარეები: მეგი კაციტაძე, მარიამ ფარქოსაძე და ნინო ტყეშელაშვილი.

ამასთანავე, "ფეისბუქში" უკვე შექმნილია ორგანიზაციის ახალი გვერდი, სახელწოდებით "კონსტიტუციის 78-ე მუხლი" და ყველა საჯარო მოსამსახურეს მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ სოციალურ ქსელებში.

დამფუძნებელთა სრული უმრავლესობა ერთობლივად განვაგრძობთ დასახული მიზნისკენ სვლას. დღეს, ჩვენ გვერდით დგას ასობით საჯარო მოსამსახურე, რომლებიც ორგანიზაციის რეგისტრაციის შემდგომ შემოგვიერთდებიან პროფესიული კავშირის სრულუფლებიან წევრებად",- აცხადებენ ორგანიზაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები