წლის პირველივე თვეში საქართველოში სიგარეტის დიდი ოდენობის კონტრაბანდა გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ათ დღეში საბაჟოზე სიგარეტის უკანონოთ შემოტანის სამი მცდელობა დაფიქსირდა. მაგალითად, სომხეთის მოქალაქეს საქართველოში კუთვნილ ავტომანქანაში, სავარძლების ქვეშ მოწყობილი სპეციალური სამალავებით არადეკლარირებული სიგარეტი შემოჰქონდა. ამის შესახებ მთავრობას ბიზნესი მას შემეგ აფრთხილებდა, რაც ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზი 60 თეთრით გაიზარდა, - თემაზე "ბიზნესკონტრაქტთან“ ეკონომისტი ლაშა გოცირიძე საუბრობს.
- ბატონიო ლაშა, სამწუხაროდ, სიგარეტის კონტრაბანდასთან დაკავშირებით ბიზნესის მოლოდინები გამართლდა და არის თუ არა ბევრი , უკვე დაფიქსირებული საბაჟოზე სიგარეტის უკანონოდ გადმოტანის სამი შემთხვევა?
- ბუნებრივია ეს მოლოდინები რაღაც განსაკუთრებული არ ყოფილა, რადგან ეს სტანდარტულია, როდესაც ერთგან ნებისმიერი პროდუქტი უფრო იაფი ღირს, ვიდრე სხვაგან. მეწარმეები ცდილობენ რომ პროდუქცია სადაც იაფი ღირს იქიდან იქ გადაიტანონ, სადაც ძვირი ღირს და გაყიდონ. იგივე ეხება სიგარეტსაც და ამის შედეგები სახეზეა. სამ კვირაზე ცოტა მეტია გასული აქციზის მომატებიდან და უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ კონტრაბანდულმა სიგარეტმა ბიზნესს ხელი შეუშალოს, გაყიდვები შეუმციროს?
- რა თქმა უნდა, ნებისმიერი კონტრაბანდა ლეგალურ ბიზნესს ხელს უშლის და ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ იმედი უნდა გვქონდეს რომ ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და საბაჟო ორგანოები კონტრაბანდის მნიშვნელოვნად აღკვეთას შეძლებენ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად, სომხეთსა და საქართველოს შორის ძალიან დიდია ფასთა და გადასახადებს შორის სხვაობა ამის იმედი გვაქვს, მაგრამ მოლოდინები - ნაკლები.
- ამ შემთხვევაში, მიმდინარე წელს უფრო ნეგატიური მოლოდინებია, ვიდრე პოზიტიური?
- სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი უფრო ნეგატიურია. რა თქმა უნდა, ძალიან გამეხარდება, თუ ამ შემთხვევაში ჩემი მოლოდინი არ გამართლდება და სასაზღვრო ორგანოები, რომლებიც ამ კონტრაბანდას ებრძვიან შეძლებენ, რომ ეს კონტრაბანდა თითქმის ყველა შემთხვევაში აღკვეთონ და ჩვენს ქვეყანაში ფაქტიურად მხოლოდ ლეგალური სიგარეტი იქნეს გაყიდული. ამის შესაბამისად, ბიუჯეტი მეტ თანხას მიიღებს. კონტრაბანდული სიგარეტის შემოსვლით, ერთი მხრივ, ბიზნესი და მეორე მხრივ, ბიუჯეტი დაზარალდება. შესაბამისად, ბიუჯეტიდან იმ ხარჯების გაწევა გართულებული იქნება, რაც დაგეგმილია. თუმცა საფუძველს რომ დავუბრუნდეთ თუ რამ გამოიწვია აღნიშნული, ჩვენს მეზობელ ქვეყენაში სომხეთში სპეციფიკური აქციზი არსებული კურსით 70 თეთრი გამოდის, მაშინ, როდესაც ჩვენს შემთხვევაში 1 ლარი და 80 თეთრი გამოდის. ფასში ლარზე ცოტა მეტით სხვაობაა და ეს ისეთი მნიშვნელოვანი ფასთა სხვაობაა, რომ მეწარმეებს ასეთ კონტრაბანდულ საქმიანობაში ჩართვისკენ უბიძგებს.

























