„ქართული ოცნების“ შემომწირველის კომპანიამ შპს „დ-კ ქონსტრაქშენმა“ დაარსებიდან თვენახევარში 214,524 ლარის კონტრაქტი მიიღო გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვის გზით, - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „დ-კ ქონსტრაქშენი“ 2023 წლის 4 აპრილს დაარსდა და თვენახევარში, 18 მაისს ქუთაისის მერიისგან 214,524 ლარის კონტრაქტი მიიღო. მერიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება ბიზნესსაქმიანობის გამოცდილების არმქონე კომპანიას გაუფორმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე bm.ge ქუთაისის მერიას დაუკავშირდა. როგორც უწყების პასუხშია აღნიშნული, სამუშაოების შესრულების სურვილი მხოლოდ ორმა პრეტენდენტმა გამოთქვა.
"მოცემული სამუშაოები შესასრულებელი იყო ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში. ფასთა კვლევის შედეგად გამოკვეთილმა კომპანიებმა, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი შეესრულებინათ მოცემული სამუშაოები, 15 ივნისამდე ჰქონდათ ვადა მიცემული. მათ შორის საუკეთესო (დაბალი ფასის) წინადადების საფუძველზე გაფორმდა კონტრაქტი“, - ნათქვამია ქუთაისის მერიის ინფორმაციაში.