"ქართული ოცნების" ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები პრობლემურია.
მისი თქმით, კონტრაქტორს პრობლემების მოსაგვარებლად ვადა მიეცა.
„მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები, სამწუხაროდ, არის პრობლემური. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ვფიქრობ, გარკვეულწილად კონტრაქტორის დაუდევრობით. ჩვენ მივეცით კონკრეტული ვადა კონტრაქტორს პრობლემის მოსაგვარებლად და ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება ჩვენი მხრიდან ამის კონტროლი. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო მარნეულის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. მაქსიმალურად შევეცდებით, უმოკლეს ვადაში დასრულდეს ეს პროექტი,“ - თქვა რევაზ სოხაძემ მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტის დათვალიერების შემდეგ.
მან ასევე, აღნიშნა, რომ ვადებთან დაკავშირებით, დღეიდან შემუშავდება კონკრეტული გრაფიკი, რომლის შესახებაც მოსახლეობას დამატებით ეცნობება.
სამინისტროს ცნობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტს ახორციელებს.
"ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სატუმბი სადგურები და ახალი წყლის რეზერვუარები. პროექტი ასევე მოიცავს წყალარინების ქსელისა და კოლექტორის სამშენებლო სამუშაოებს. 2024 წლიდან მიმდინარეობს მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებაზე ეტაპობრივი გადართვა.
სამუშაოების დასრულების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე 3 სოფლის მცხოვრებლები 24-საათიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების სისტემით, ხოლო ქალაქი მარნეული, დამატებით, წყალარინების სისტემით იქნება უზრუნველყოფილი.
ასევე, შენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. Solutions Pvt. Ltd (Leader of the JV) and IN-SI LLC (JV partner)
პროექტს აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ, საერთო ჯამში, 25 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს წყალმომრაგება-წყალარინების გაუმჯობესებული მომსახურებით",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




























