მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კონტროლი ქართულ ღვინოზე 3 წელია გამკაცრებულია, ხდება ყველა პარტიის ახლიდან სერტიფიცირება"

5d11fbc7a0eeb
სალომე მეცხვარიშვილი
25.06.19 23:00
966
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი რუსეთიდან ალკოჰოლურ სასმელებზე ემბარგოს არ ელოდება -  ამის შესახებ მან bm.ge-ის განუცხადა.

სამანიშვილი ამბობს, რომ ეს არც რუსეთს აწყობს, რადგანაც ბევრ ქართულ კომპანიაში რუსული ინვესტიცია და წილებია.

“როსპოტრებნადზორის" განცხადების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, ბოლო მოვლენებს უკავშირდება, თუმცა კონტროლი ქართულ ღვინოზე გამკაცრებულია ბოლო 2-3 წელია, ხდება ყველა პარტიის ახლიდან სერტიფიცირება. განცხადება დაემთხვა ბოლო მოვლენებს თორემ ჯერჯერობით რაიმე საფრთხე ქართული ღვინის შეტანას არ ემუქრება. არ მგონია, რომ ემბარგო გამოცხადდეს ქართულ ღვინოზე. მათ შორის იმის გამოც, რომ ქართულ კომპანიებში პირდაპირ ან ირიბად არის რუსული ინვესტიციები.

არ არსებობს საფუძველი, რატომ უნდა გაჩერდეს ქართული ღვინის იმპორტი რუსეთში. იმ შემთხვევაშიც კი, ეს გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება გამოწვევა, რომ დავაჩქაროთ რეფორმა და უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული დარგი. ის, რაც ისედაც გასავლელი გვაქვს, რომ გამოვიდეთ პოსტსაბჭოთა სივრციდან, ეს იქნება ამ პროცესების დამაჩქარებელი”, - აცხადებს გიორგი სამანიშვილი.

მისი თქმით, ემბარგოს შემთხვევაში ამას ქართულ მეღვინეობაზე მოკლევადიან ვადაში ექნება უარყოფითი გავლენა.

გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ ის ღვინის ეროვნული სააგენტოდან 2017 წელს წამოვიდა და მანამდე არცერთი მობრუნებული პროდუქცია მას არ ახსოვს.

შეგახსენებთ, რომ “როსპოტრებნადზორმა” გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქართული ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე კონტროლი გამკაცრდა. ამასთან, მათ გამოაქვეყნეს 8 კომპანიის სია და აღნიშნეს, რომ 2018 წელს ამ კომპანიების მიერ რუსეთის ბაზარზე შეტანილი საქონელი არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს და უკან გააბრუნეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები