„საგადასახადო დავების განხილვის სისტემის რეფორმის კონცეფცია ფინანსთა სამინისტროში [დევს]“ - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა და მინისტრის ყოფილმა მოადგილემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილის“ წამყვანის კითხვას, რომელიც საგადასახადო დავების სისტემის რეფორმირებას შეეხებოდა.
საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ამბობდა, რომ „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირებაზე მუშაობა დაიწყო“.
საგადასახადო დავების განხილვის სისტემის რეფორმირების თაობაზე დაპირება ჩაიწერა „ქართული ოცნების“ 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამაში და ასევე, 2024-2027 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტში, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ამზადებს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ არც 2025-2028 წლებისათვის განახლებულ დოკუმენტში და არც 2024-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში დავების საბჭოს რეფორმის ჩანაწერი არ გვხვდება.
„ოფიციალური დოკუმენტებიდან დავების საბჭოს რეფორმირებაზე დაპირებების ამოღება ნიშნავს თუ არა იმას, რომ აღარ იგეგმება დავების საბჭოს რეფორმირება? თუ - არა, რატომ? თუ - კი, რა ფორმით იგეგმება? ასევე, კონკრეტულად რაში გამოიხატა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის რეფორმის პროცესში მონაწილეობა?“ - ამ კითხვებით BMG-მ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა, საიდანაც მხოლოდ ზოგადი პასუხები მივიღეთ.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის და კერძო სექტორის წარმომდგენელთაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა წინადადებები საგადასახადო დავების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.
ამასთან, დონორის დახმარებით მომზადებულია აღნიშნული რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA).
ამ ეტაპზე, აღნიშნული წინადადებების ინიციირების მიზანშეწონილობის საკითხი განიხილება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს წერილობით პასუხში.
რამდენიმე კვირის წინ, „წერტილთან“ ინტერვიუში, ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა და მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა საკმაოდ დეტალურად გაიხსენა საგადასახადო დავების განხილვს რეფორმაზე მუშაობის პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ ვანო მაჭავარიანის ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო და მაშინ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
- ყველაფერი მომზადდა - როგორც რეფორმის კონცეფცია, ისე - კანონპროექტი; სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნებაც იყო [რეფორმის განხორციელების], მაგრამ მერე რა მოხდა, არ ვიცი; ყველაფერი გაჩერდა. მოკლედ, რეფორმა მზად არის, უბრალოდ საჭირო იყო პარლამენტში ინციირება.
- ვინ აჩერებს მსგავს საკითხებს?
- მე ამ დროს უკვე ვიყავი ფინანსთა მინისტრის მრჩეველი და შესაბამისად, ხელი არ მიმიწვდებოდა ასეთი დონის ინფორმაციაზე - ვინ გააჩერა ეს საკითხი. სიმართლე გითხრათ, არც უთქვამთ და არც მე მიკითხავს, რადგან ფაქტი იყო, რომ გაჩერდა, არადა ამ საკითხის ბოლომდე მიყვანას, არაფერი უნდოდა; პრაქტიკულად, ყველაფერი გაკეთებულია. აღსანიშნავია, რომ დავების საბჭოს რეფორმირების იდეა ძალიან კარგი იყო და ის ბიზნესასოციაციებისგან წამოვიდა. მათ ჰქონდათ სურვილი საგადასახადო დავების სისტემა დახვეწილიყო. ჩვენც კონცეფცია შევიმუშავეთ, რაშიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მოგვეხმარა.
- ანუ USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა და არა - ანგრევდა, როგორც „ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ...
- ჩვენ მოგვეხმარნენ - უცხოელი ექსპერტები ჩამოგვიყვანეს, სხვა ქვეყნის გამოცდილება გაგვიზიარეს, რეფორმისთვის RIA ჩაატარეს, რაც სასარგებლო იყო....
- და მაინც, ფინანსთა მინისტრის მრჩეველი იყავით და რატომ არ მოიკითხეთ, რატომ გაჩერდა რეფორმა?
- ჩემი გასაკეთებელი რაც იყო, გაკეთდა - კონცეფციის საფუძველზე კანონპროექტი მომზადდა და ახლა საჭიროა ინიციირება.
- სად დევს რეფორმა?
- ფინანსთა სამინისტროში... და თუ კანონპროექტის ინიციირება და კანონის მიღება მოხდებოდა, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი რეფორმის დანერგვაში, მაგრამ სადღაც შუაში გაჩერდა.
2024 წლის სტატისტიკა ჯერ საჯარო არაა, მაგრამ 2023 წელს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში გადასახადის გადამხდელებმა შემოსავლების სამსახურის 2800-ზე მეტი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და ბიზნესის სასარგებლოდ, სრულად ან ნაწილობრივ მხოლოდ 30% დასრულდა. #წერტილი.




























