2014 წლიდან დღემდე 310-ზე მეტ კოოპერატივს სტატუსი შეუჩერდა. სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მონიტორებმა კოოპერატივების საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინეს. კოოპერატივებისთვის სტატუსის შეჩერების მიზეზებზე ’’საქმიან დილასთან“ კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე.
- ბატონო გიორგი, რა გახდა სტატუსის შეჩერების მიზეზი და რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი?
- საქართველოში არსებული 1646 კოოპერატივიდან მხოლოდ 46 იყო სტატუსის მქონე. ეს ციფრი შეიძლება არც არის ისეთი დიდი, მაგრამ გვქონდა ისეთი ფაქტები, როდესაც კოოპერატივები თუნდაც წესდებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდნენ და შესაბამისად, ვინაიდან ჩვენ სააგენტოს კანონის თანახმად, მონიტორინგის განხორციელების ვალდებულება გვაქვს, სწორედ ამის საფუძველზე მოგვიწია მათთვის სტატუსის შეწყვეტა.
- ძირითადად რა დარღევები გამოვლინდა?
- უპირველესად, აღსანიშნავია, რომ თვითონ წესდების თანახმად აღიარებული ვალდებულება, რასაც საპაიო შენატანი ქვია სამწუხაროდ, ბევრ კოოპერატივს არ ჰქონდა განხორციელებული. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ კანონის თანახმად, კოოპერატივის მეპაიე უნდა იყოს პირი, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას უნდა ეწეოდეს. თუ კოოპერატივის მეპაიე არ ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და ის ამის თაობაზე ვერ ასაბუთებს, იგი თავისთავად მეპაიე აღარ არის. თუ კოოპერატივის მფლობელი მეპაიედ არ ჩაითვალა და ეს იმ ზღვარზე ნაკლებია, რომელიც კანონის თანახმად არის დადგენილი, მაშინ უკვე ჩვენ ვალდებულები ვართ მათ სტატუსი შევუწყვიტოთ. აქ ხაზი მინდა გავუსვა, რომ სტატუსის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ის ორგანიზაცია კოოპერატივი ლიკვიდირებულია, ვინაიდან საქმიანობას ახორციელებს, ოღონდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის გარეშე. ამის შემდეგ მას აქვს უფლება სტატუსის ხელახლა მოსაპოვებლად განაცხადი წარადგინოს.
- რამდენ ხანში აქვს ამის გაკეთების უფლება?
- თუ მის მიერ მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი გარკვეული ხარვეზები გამოსწორებული იქნება, მას მეორე დღესვე შეუძლია სტატუსის ხელახლა მოსაპოვებლად განაცხადი შემოიტანოს, თუ ასე სწრაფად მოახდენს ხარვეზების გამოსწორებას. განაცხადის წარდგენის საფუძველზე ხუთი სამუშაო დღის ვადაში ჩვენ მათ სტატუსს მივანიჭებთ.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ დარღვევები ჰქონდათ და ამ შემთხვევაში რა კრიტერიუმებით ხდება სტატუსის განახლება?
- როდესაც 2013 წლის 12 ივლისს საქართველოს პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონი მიიღო, პაკეტში ცვლილებები შედიოდა საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში ცვლილებები, რომლის თანახმადაც ფაქტიურად თითქმის ყველა გადასახადისგან კოოპერატივი გათავისუფლებულია. ამით იმ ინდივიდუალურ ფერმერებს ბიზნესსაქმიანობის განხორციელების საშუალება მიეცათ, რომლებიც იქამდე ჩართულები არ იყვნენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, როგორც ბიზნესზე ორიენტირებული პირები, არამედ, როგორც უბრალოდ ფიზიკური პირები ისე ეწეოდნენ საქმიანობას. კოოპერატივი, რომელიც ოპერირებს, მან უნდა დაასაბუთოს ეწევა თუ არა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. გარდა ამისა, ორი სახის საპაიე შენატანია, ესენია ქონებრივი და ფულადი სახის. ეს საპაიე შენატანი, რა თქმა უნდა, მისი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციული უნდა იყოს . ჩვენდა სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ქონებრივი შენატანის შემთხვევაში კოოპერატივების მეპაიეები მიიჩნევენ, რომ ვინაიდან წესდებაში დააფიქსირეს შეტანის ვალდებულება ამას საკმარისად მიიჩნევენ და არ ახორციელებენ. მითუმეტეს, რომ ქონება, რომელიც პაის სახით შედის კოოპერატივში რეგისტრირებადია, ანუ სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებები უნდა მოხდეს და შესაბამისად, კოოპერატივი საკუთრებად უნდა განისაზღვროს. სწორედ ამ და სხვადასხვა დარღვევების გამო, ჩვენ სამწუხაროდ მოგვიწია, რომ ზუსტად 312 კოოპერატივისთვის შეგვეწყვეტა სტატუსი.
- სტატისტიკა დაახლოებით როგორია, სტატუსის გაჩერება მსხვილ წევრებს შეეხო თუ უფრო მეტად მცირე შემადგენლობის კოოპერატივებს?
- იმის გათვალისწინებით, რომ კანონი იმდენად ლიბერალურია, რომ ბევრ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ხშირად ერთი და იგივე ოჯახის წევრები არიან გაერთიანებული, სწორედ უმეტესად ასეთ კოოპერატივებზე მოდის სტატუსის შეწყვეტა, რომელშიც ერთი კოოპერატივის ფარგლებში ერთი ოჯახის წევრები არიან გაერთიანებული.
- დაახლოებით როგორია კოოპერატივების მასშტაბი?
- საშუალოდ კოოპერატივებში დაახლოებით 12 ადამიანია გაწევრიანებული, თუმცა ჩვენ გვყავს, როგორც სამ წევრიანი კოოპერატივი, ასევე 1300 წევრისგან შემდგარი კოოპერატივიც.
- ყველაზე მეტად რომელი მიმართულებები აქტიურობენ?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ სოფლად მაცხოვრებელ თითქმის ყველა ადამიანს ოჯახში თუნდაც ერთი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავს, სწორედ მესაქონლეობის კოოპერატივები არიან ყველაზე მრავლად ჩვენს კოოპერატივთა რიგებში. ამას შემდეგ მოყვებიან, როგორც მეფუტკრეები, ასევე მეხილეობის, მებაღეობის და სხვადასხვა მიმართულებებით. მეფუტკრეობას რაც შეეხება, შარშან დაწყებულ პროექტში ცვლილებები შევიდა, დახმარების არეალი მეფუტკრეებისათვის გაფართოვდა და მეფუტკრეების კოოპერატივების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა მოხდება. დღეის მდგომარეობით, კოოპერატივების ფარგლებში უკვე 34 ათასზე მეტი სკაა, რაც პროგრამის დაწყებამდე მის ნახევარს შეადგენდა. გაიზარდა რაოდენობა და წარმოებული თაფლის ხარისხი. თაფლი, ერთადერთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელსაც საშუალება აქვს ყველაზე ადრე მოხდეს ევროკავშირის ბაზარზე.

























