მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კოორდინაცია უნდა იყოს საბაჟო სტრუქტურებს შორის, რომ სწრაფად მოხდეს ტვირთების დამუშავება”- ნიბლაძე

ტვირთი

შუა დერეფანი, როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთ მთავარ ალტერნატიულ გზად იქცა ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთებისათვის, შესაბამისად გაიზარდა ინტერესი საქართველოს, როგორც ამ პროცესებში მონაწილე ქვეყნის მიმართ. იზრდება ტვირთბრუნვა, თუმცა როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, პოტენციალის ათვისება არსებული გამოწვევების ფონზე სრულად ვერ ხერხდება.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიის ზონის დირექტორი სოსო ნიბლაძე აცხადებს, რომ ქვეყანა გაზრდილ ტვირთნაკადს მზად ვერ დახვდა. მისი თქმით, აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები როგორც არსებული ისე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.

მისი თქმით, პროცესებში აუცილებელია საბაჟო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობაც, რომ არსებული ტვირთების ბიუროკრატიული ბარიერების გამო შეფერხება არ მოხდეს.

“მზადყოფნა სრულყოფილი არ არის, გვაქვს პრობლემები ვაგონებთან მიმართებით. ასევე გვაქვს პრობლემები პორტებში ტვირთების დამუშავებასთან დაკავშირებით, კარგი იქნება მეტი კოორდინაცია იყოს საბაჟო სტრუქტურებს შორის, რომ სწრაფად მოხდეს ტვირთების დამუშავება და ბიუროკრატიამ არ წაიღოს საოპერაციო დრო, რაც აუცილებელია ტვირთების სწრაფი გადაზიდვისთვის.

არავინ არ ელოდა ასეთ განვითარებებს, თუმცა მისასალმებელია რომ ქვეყანა ფიქრობს, მუშაობს, აქტიურობს ამ მიმართულებით. იმედია ანაკლიის პორტთან მიმართებით იქნება კონკრეტული ძვრები, განვითარდება ფოთის პორტი, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება მოხდება სარკინიგზო მიმართულებითაც.

ახლა მთავარია აქტიური ქმედება, დღეს საქართველოს უყურებს ბევრი ქვეყანა, ჩინეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი”- აცხადებს სოსო ნიბლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები