მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კორეა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის დელეგაციას ქმნის

5c877407bb18a
BM.GE
12.03.19 12:52
712
საქართველო-კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით კორეული მხარე სპეციალურ დელეგაციას ქმნის, - ამის შესახებ კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვანგ-ჰიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამარული შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მეწარმეებისთვის კორეულ ბაზარზე შესვლის პროცესში მხარდაჭერის საკითხი იყო.

კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვანგ-ჰის განცხადებით, მისი სურვილია, კორეულ საზოგადოებას ქართული პროდუქცია გააცნოს.

"მე აქამდეც კარგად ვიცნობდი ქართულ პროდუქციას და ვიცოდი თქვენი კეთილი ნების შესახებ, განვამტკიცოთ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ახლა უკვე ისიც ვიცი, თუ რამდენად მაღალხარისხიანი და შესაბამისად, კონკურენტუნარიანია ქართული პროდუქტი. მე მინდა ჩვენს საზოგადოებას ქართული პროდუქცია გავაცნო", - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, როგორც შეხვედრაზე ითქვა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით სპეციალური დელეგაციის შექმნის საკითხის განხილვა კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარესა და კორეის ვაჭრობის მინისტრს შორის უკვე დაწყებულია.

"ვეცდები, რომ კორეის დელეგაცია საქართველოს წლის ბოლომდე ესტუმროს. ამგვარი დელეგაციების ვიზიტი, შეხვედრები, ქართული კომპანიების კორეულ გამოფენებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარებას და ზოგადად, ურთიერთობების გაღრმავებას", - განაცხადა ჰონგ კვანგ-ჰიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები