შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად განადგურებულ ლიბიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ straitstimes.com-ი ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრის დირექტორმა, ბადრედინ ალ-ნაჯარმა განაცხადა, რომ ინფიცირებული პაციენტი საუდის არაბეთიდან ტუნისის გავლით დაბრუნდა ერთი კვირის წინ.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ტრიპოლიში განთავსებულმა საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის ძალებმა მკაცრი სამგზავრო შეზღუდვები დააწესეს.
როგორც გამოცემა წერს ომის გამო, ლიაბიაში თითქმის განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა. შესაბამისად, ჩნდება საფრთხე, რომ ქვეყანამ შესაძლოა ვერ გაუძლოს პანდემიის დატვირთვას და სათანადოდ ვერ უპასუხოს.