მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსს კომპანიაზე ჯერჯერობით კრიტიკული გავლენა არ მოუხდენია - "თეგეტა მოტორსი"

5e58d33763110
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.20 22:15
1763
„თეგეტა მოტორსის“ დირექტორი ავთო წერეთელი BM.GE-სთან საუბრისას ქვეყნის ეკონომიკასა და კერძო სექტორზე კორონავირუსის ეფექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ვირუსს მათ კომპანიაზე გავლენა არ მოუხდენია.

თუმცა, როგორც  წერეთელი აღნიშნავს, თუ ეს პროცესები ასე გაგრძელდება, მაშინ ვირუსის ეფექტი მათი კომპანიის საქმიანობაზეც აისახება, ვინაიდან „თეგეტა მოტორსს“ საბურავები და მანქანის სხვა ნაწილები სწორედ ჩინეთიდან შემოაქვს.

„ჩინური ეკონომიკა, როგორც მსოფლიო წარმოების როლის შემსრულებელი, გავლენას ახდენს მსოფლიოზე და მათ შორის ქართულ ბაზარზეც. ჩვენი - ავტოინდუსტრიის მიმართულებით, ჩვენ ავტოპროდუქტების იმპორტს, როგორიც არის საბურავები და სხვა ნაწილები, ჩინეთიდან ვახორციელებთ. ჯერჯერობით ამას „თეგეტა მოტორსზე“ კრიტიკული გავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან საკმაოდ კარგად ვიყავით მომარაგებული პროდუქციით. რადგან ჩინური ქარხნები პარალიზებულია, იმ პროდუქტებზე, რომელსაც მომხმარებლები მთელ მსოფლიოში მოიხმარენ სერიოზული პრობლემები იქმნება. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, კიდევ თვე ან 2 თვე, ეს იმოქმედებს ჩვენს კომპანიაზეც“, - ამბობს ავთო წერეთელი.

„თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა მსოფლიო ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მსოფლიოში შექმნილი პროდუქტების დეფიციტის გამო, ფასები გაიზრდება.

„ვირუსმა ნავთობის ფასზეც იქონია გავლენა და მისი ვარდნა გამოიწვია, რამაც მთელ მსოფლიოში ეკონომიკის ზრდა გააჩერა. ისეთი ბაზარი, როგორიც საქართველოს ბაზარია, რომელიც დაბალ ფასიან პროდუქტზეა ორიენტირებული, მოკლევადიან პერსპექტივაში სერიოზულ დარტყმას მიიღებს, მოიმატებს ფასები პროდუქტებზე, რაც მომხმარებლისთვის პრობლემას შექმნის - ნაკლები კონკურენცია იქნება.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სეზონურობის ფაქტორი იმოქმედებს და ეს ვირუსი თავის პიკს მარტის თვეში მიაღწევს, აპრილის თვიდან დაიწყებს კლებას და გამომდინარე იქინდან, რომ ჩინეთში წარმოების კულტურა საკმაოდ დინამიკურია და ძალიან ინტენსიური, ისინი სწრაფად შეძლებენ  წარმოების რეჟიმის აღდგენას და აღადგენენ მოწოდებასაც“, - განმარტა კომპანიის დირექტორმა.

ავთო წერეთელი ყველას მოუწოდებს, რომ არ აჰყვნენ პანიკას, რადგან პანიკა აზარალებს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ ეკონომიკასაც.

„ამ პროცესის დასაწყისიდანვე, მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ, საქმე გვაქვს ჩვეულებრივ ვირუსთან, დამოკიდებულება მთელ მსოფლიოში მაინც ზედმეტად პანიკური აღმოჩნდა და ამან განაპირობა, გაცილებით მეტი ზიანის მიყენება, მათ შორის ეკონომიკისთვის, ვიდრე ეს მისი შინაარსიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, ის არ არის დამანგრეველი, ავადობისა და სიკვდილიანობის მიხედვით.

მთავარი არის, რომ არ ავყვეთ პანიკას. ეს არის დამაზიანებელი ყველასთვის - ეკონომიკისთვის, საზოგადოებისთვის, ამიტომ უფრო მეტი ფოკუსი პრევენციაზე და საქმეზე უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენი კომპანიის მიდგომაა“, - ამბობს „თეგეტა მოტორსის“ დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები